ძალადობა და მოწყვლადი ჯგუფები

კატეგორია: ძალადობა

იმის შანსი, რომ რომელიმე ფორმის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, იზრდება, თუ:

  • ხარ ქალი – თავდასხმების უმეტესობა ხორციელდება ქალებზე.
  • ხარ ახალგაზრდა – ახალგაზრდა ქალები სექსუალური შევიწროვების უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
  • გქვს შეზღუდული შესაძლებლობები – ფიზიკური, ან გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ადამიანები, ხშირად, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან სხვის დახმარებაზე შეიძლება იყვნენ დამოკიდებული, რითაც მოძალადემ შესაძლოა ბოროტად ისარგებლოს.
  • ცხოვრობ ნაკლებად დაცულ უბანში – ქალები და გოგონები, რომლებიც ნაკლებად დაცულ უბნებში ცხოვრობენ, უფრო ხშირად ხდებიან შევიწროების მსხვერპლი. ხშირად, ეკონომიკურად დაბალი ფენის წარმომადგენელი ქალები ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, სადაც სამსახურის, ან უკეთესი პირობების, საფასურად სექსუალური ხასიათის აქტების შესრულება უწევთ. ამ პრობლემას ემტაება ისიც, რომ ამ ადამიანებს შეზღუდული წვდომა აქვთ სამართალდამცავებთან, ან მათი ჩივილი არასერიოზულად აღიქმება.
  • ხარ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი – მაგალითად, რომა ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია ხელს უშლის მათ წვდომას სამართალდამცავ ორგანოებთან.
  • მუშაობ სექს ინდუსტრიაში – პროსტიტუცია, ეროტიული მასაჟი, ეგზოტიკური ცეკვა, ვიდეო ჩატი – ადამიანები, რომლებიც ამ სფეროებში მუშაობენ, ნაკლებად არიან დაცული სამართალდამცავების მიერ, არიან სტიგმატიზებული საზოგადოების მხრიდან და ბევრად უფრო მოწყვლადები არიან. სექს ინდუსტრიაში მომუშავე პირებისგან, მათი პროფესიის გამო, სექსუალური აქტისთვის მზადყოფნას მოელიან ყველგან, ყველასთან და ყოველთვის.
  • გაქვს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია – ლგბტ ადამიანები ხშირად ხდებიან აგრესიის, როგორც დასჯის ფორმის, მსხვერპლები. სექსუალურ მოძალადეს შეუძლია თავს დაესხას ლგბტ თემის წევრს იმის საჩვენებლად, რომ ეს უკანასკნელი მისგან განსხვავდება, და რომ ეს განსხვავება დასჯას იმსახურებს.
  • იყავი, ან უნდა იყო, რომელიმე დაწესებულების მზრუნველობის ქვეშ – მაგალითად, არასრულწლოვანი პატიმრები, საავადმყოფოში მოთავსებული შშმ პირები, ციხეში მყოფი ადამიანები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ იმავე დაწესებულებების ავტორიტეტული პირებისგან, სადაც განთავსებული არიან.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რამდენიმეს ერთდროულად აკმაყოფილებ, იმის რისკი, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდე, უფრო იზრდება. რამდენიმე პიროვნული მახასიათებლის გამო ადამიანის დისკრიმინაციას ინტერსექციული ანალიზი სწავლობს, რომლის შესახებაც ჩვენს სტატიაში შეგიძლია წაიკითხო: ინტერსექციული ანალიზი.

ავტორი: სოფი ბერია