როგორ მოვიქცეთ არაკომფორტულ სიტუაციებში?

კატეგორია: ძალადობა

სექსუალური მოძალადეები ხშირად იყენებენ ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა დანაშაულის გრძნობის გაღვივება ან დაშინება, რომ ადამიანს ისეთი რამ გააკეთებინონ, რაც მათ არ უნდათ. ასეთ სიტუაციაში ყოფნა საშიში და არაკომფორტული შეიძლება იყოს. გახსოვდეს, რომ შენი ბრალი არ არის, რომ სხვა ადამიანი ასე იქცევა – ისინი თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე. ეს რჩევები შეიძლება დაგეხმაროს, თავი დააღწიო მსგავს სიტუაციას:

  • შეახსენე შენ თავს, რომ ეს შენი ბრალი არ არის. ცუდი არაფერი გაგიკეთებია. პასუხისმგებელი არის მოძალადე.
  • ენდე საკუთარ შეგრძნებებს. არ ხარ ვალდებული, ის გააკეთო, რაც არ გინდა. არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთება არ გინდა. სრულებით საკმარისია, რომ არ გაინტერესებდეს. გააკეთე, რაც სწორად მიგაჩნია და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ.
  • გქონდეს კოდური სიტყვა. გქონდეს კოდური სიტყვა მეგობართან ან ოჯახის წევრთან, რაც შეიძლება ნიშნავდეს: „არ ვარ კომფორტულად,“ „დახმარება მჭირდება“. ეს შეიძლება იყოს ციფრების კომბინაცია (მაგალითად, 311). ეს შეიძლება იყოს ფრაზა, რომლის ხმამაღლა თქმა შეგიძლია, მაგალითად „ნეტა მეტი შვებულება აგვეღო“. ამგვარად შეძლებ გააგებინო საშიშროების შესახებ და დახმარება ითხოვო ისე, რომ მოძალადემ ვერ გაიგოს.
  • ტყუილი დასაშვებია. თუ გეშინია ამ ადამიანის გაბრაზება, შეგიძლია მოიტყუო ან მოიგონო მიზეზი, რომ სიტუაციას თავი დააღწიო. შეიძლება ტყუილის გამო თავს ცუდად გრძნობდე, მაგრამ არ ხარ ვალდებული, ისეთ სიტუაციაში დარჩე, სადაც თავს არ გრძნობ კომფორტულად. მიზეზები შეიძლება იყოს: მეგობარზე ან ოჯახის წევრზე ზრუნვა, ცუდად ყოფნა, სხვაგან წასვლა. საპირფარეშოში წასვლის მომიზეზებაც კი შეიძლება დაგეხმაროს, თავი დააღწიო ამ სიტუაციას. უსაფრთხოებისთვის რისი თქმაც არ უნდა დაგჭირდეს, არა უშავს, თუნდაც ამის გამო გრცხვენოდეს.
  • მოიფიქრე გაქცევის გეგმა. თუ სწრაფად უნდა წახვიდე, რას იზამ? დაათვალიერე ფანჯრები, კარები და გასვლის სხვა საშუალებები. გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაგეხმარონ? როგორ უნდა მიიქციო მათი ყურადღება? სად უნდა წახვიდე გაქცევის შემდეგ?

თუ იძულებული, ხარ ასეთ სიტუაციას თავი დააღწიო ან ისეთი რამ მოხდა, რაზეც თანახმა არ ხარ, იცოდე, რომ შენი ბრალი არ არის. იზრუნე საკუთარ თავზე და იცოდე, რომ მარტო არ ხარ.

წყარო: www.rainn.org