რას ამბობს მეცნიერება გაუპატიურების დროს აღგზნებაზე?

კატეგორია: ძალადობა

დიახ, გაუპატიურების მსხვერპლს შეიძლება ჰქონდეს ორგაზმი.

გაუპატიურებული ადამიანების 4-5% ამბობს, რომ ორგაზმი ჰქონდა.

გაუპატიურება. ბევრ ჩვენგანს ამაზე ლაპარაკი არ მოსწონს. ამაზე ფიქრი არ გვიყვარს. თუმცა, როცა კი ვფიქრობთ, ყოველ შემთხვევაში, როცა მე ვფიქრობ, ყოველთვის ძალადობა წარმომიდგენია. მე ვიბრძვი და ვმარცხდები. ვყვირი. და ცხადია, არ ვნებდები.

დღესდღეობით აშშ-ში გაუპატიურების მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე მწეველი, თუმცა მე გამიმართლა და არ მივეკუთვნები იმ ქალების 20 და მამაკაცების 3%-ს (ან მეტს), რომლებიც გააუპატიურეს. მე არ ვარ 3 ამერიკელიდან ის 1, რომელიც გააუპატიურეს. დედაჩემს არასდროს დასჭირვებია, სხვა ამერიკელი დედებივით ექიმისთვის ეთქვა: „მეტი მინდა ვიცოდე გეგმა ბ-ზე, რადგან ჩემი შვილი შეიძლება გააუპატიურონ“.

მე არ მაქვს პირველადი გამოცდილება გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩემი განმარტებაც შეიძლება სრულებით მცდარი იყოს.

გაუპატიურება ყოველთვის ფიზიკური ძალის გამოყენებით არ ხდება. ზოგი მსხვერპლი ნებდება, რათა დაიცვას საკუთარი თავი ან საყვარელი ადამიანები. ზოგს წამლავენ, ნარკოტიკს უკეთებენ, ფიზიკურად ან მენტალურად ადუნებენ ან უბრალოდ უძლურია. ზოგი (სამწუხაროდ) ბავშვია. გაუპატიურება ყოველთვის პენეტრაციას არ გულისხმობს. ზოგი მოძალადე დაქორწინებულია მსხვერპლზე. ზოგი მოძალადე ქალია. ზოგი ქალი აუპატიურებს კაცს. და ზოგჯერ, ძალადობრივი აქტის დროს, მსხვერპლი განიცდის ინტენსიურ ფიზიკურ შეგრძნებებს, რომელთაც იგი კულმინაციამდე, ანუ ორგაზმამდე მიჰყავს.

დიახ, ეს ნამდვილად ხდება.

გაუპატიურებულთა 4-5% ამბობს, რომ ორგაზმი ჰქონდა. თუმცა რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია. 2004 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ექიმი ამბობს: „მე საკმაოდ ბევრ (კაც) მსხვერპლს შევხვედრივარ, რომელთაც სრული სექსუალური რეაქცია ჰქონდათ სექსუალური შევიწროვების დროს… შევხვედრივარ ინცესტისა და გაუპატიურების რამდენიმე ქალ მსხვერპლს, რომელთაც ბუნებრივი, ვაგინალური ლუბრიკაცია და ორგაზმი ჰქონდათ“.

2013 წლის თებერვალში რედიტის „მე ვარ“ განყოფილებაში მონაწილეობა მიიღო ბავშვთა თერაპევტმა, რომელმაც გაუპატიურების დროს ორგაზმზე ისაუბრა. ის მანამდე ამავე საკითხზე მონაწილეობას იღებდა პროგრამაში „მკითხე, რაც გინდა“. თემა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ის კვლავ მიიწვიეს სასაუბროდ. პირველივე პოსტში თერაპევტი ამბობს: „უამრავ ახალგაზრდა ქალს დავხმარებივარ… გაუპატიურების დროს ორგაზმზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული, თუმცა დღემდე დაგროვილი კვლევების თანახმად, 10-50% აქვს ორგაზმი. ჩემი, როგორც თერაპევტის გამოცდილებით, იგივე გამოცდილება აქვს იმ ქალების/გოგონების ნახევარს, რომლებთანაც მიმუშავია (ცნობისთვის, მიმუშავია ძალიან ცოტა ბიჭთან/კაცთან, რომელმაც იგივე განაცხადა). პროფესიული განხილვების დროს ჩემი კოლეგები იგივე რიცხვებს ასახელებენ“.

არაერთ თერაპევტსა და სექსუალური განათლების სპეციალისტს ვესაუბრე, რომლებიც ფიქრობენ,რომ ეს ფენომენი არ არის გავრცელებული, თუმცა ყველა მათგანს მოუსმენია გაუპატიურების მსხვერპლთაგან, რომ სექსუალური აღგზნება განიცადეს.

მეთიუ ატკინსონმა, ოჯახურ და სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების სპეციალისტმა და ავტორმა წიგნისა „აღდგომა გაუპატიურების შემდეგ,“ მომწერა: „ჩემი 500-600 კლიენტიდან მხოლოდ რამდენიმემ გამიმხილა. თუმცა, როდესაც საკითხი ინტერნეტში განხილვების თემა ხდება, ინტერესი აშკარად ძალიან დიდია. ეს კი მაფიქრებინებს, რომ ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია…“

გაუპატიურება და აღგზნება შეიძლება ერთდროულად მოხდეს და ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

ინტერნეტის განხილვები გვაფიქრებინებს, რომ ატკინსონი მართალია. წაიკითხეთ რედიტის თემები, ბლოგები ან კომენტარები, რომლებშიც გაუპატიურების დროს ორგაზმზეა საუბარი და არაერთ ამბავს წააწყდებით:

„სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გავხდი მცირე ასაკში და მქონდა ორგაზმი…“

„…მართალია, წინააღმდეგობა არ შემიწყვეტია, მაგრამ შეძრწუნებული ვიყავი იმით, რომ რამდენჯერმე მქონდა ორგაზმი…“

„მეგონა, რედიტის გარეთ ამაზე ვერასდროს ვილაპარაკებდი“.

„თქვენი პოსტის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ შეიძლება სულაც არ ვარ გიჟი“.

ერთი ქალი ყვება ძალადობრივ და ჯგუფურ გაუპატიურებაზე და იხსენებს: „ყველაზე საშინელი, რაც იმ ღამეს მოხდა, ის იყო, რომ ორგაზმი მქონდა. დიდი ხნის ქორწინების შემდეგ, პირველად მქონდა ორგაზმი“.

როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? როგორ შეიძლება გაუპატიურების, განსაკუთრებით კი ძალადობრივი გაუპატიურების დროს, მსხვერპლს ჰქონდეს ორგაზმი? თუ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ბლოგერი ხარ (სახელს არ დავასახელებ, რადგან არ მინდა, მის პოპულარობას შევუწყო ხელი), ახსნა მარტივია: „უცებ აცნობიერებ, რომ, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობდი მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, გინდოდა, რომ გაეუპატიურებინე და გსიამოვნებს ყოველი წამი… ეს ფაქტი კი „გაუპატიურებას“ შეთანხმებულ სექსუალურ აქტად აქცევს“.

არა. ეს არ არის ახსნა. გაუპატიურება და აღგზნება შეიძლება ერთდროულად მოხდეს და ერთი მეორეს არ გამორიცხავს. რამდენადაც ამაზრზენი არ უნდა იყოს, ამ ბლოგერის სიტყვები მეტყველებს გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც ერთმანეთში ურევს აღგზნებასა და გაცნობიერებულ განზრახვას. ორგაზმი, თუნდაც პოპულარული განმარტების თანახმად, არის სექსუალური სიამოვნების პიკი, ეიფორიული მდგომარეობა. ამ გაგებით, თუ ადამიანს აუპატიურებენ, განა მას უნდა სიამოვნებდეს? განა ორგანიზმმა არ უნდა დაბლოკოს ყველაფერი?

უკეთ უნდა გვესმოდეს ადამიანის სექსუალობა და ფსიქოლოგია. როგორც ტოდ აკინი ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ გაუპატიურების დროს დაორსულება შეუძლებელია, მე და ბევრი სხვა სრულებით ვცდებოდით აღგზნებასა და კულმინაციაზე გაუპატიურების დროს. მიუხედავად იმისა, რისი სჯერა უამრავ მოძალადეს, აღგზნება არ ნიშნავს, რომ ძალადობა სასიამოვნო იყო ან მსხვერპლს ეს უნდოდა. მაშ, რას ნიშნავს?

ძალიან მარტივად, ჩვენს ორგანიზმს რეაქცია აქვს სექსზე. და ჩვენს ორგანიზმს რეაქცია აქვს შიშზე. ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს. ორგანიზმი ამას აკეთებს უნიკალურად და ხშირად ჩვენი ნებართვისა თუ განზრახვის გარეშეც. გაუპატიურების დროს ორგაზმი არ არის სიამოვნების გამოხატულების მაგალითი. ეს არის ფიზიკური რეაქციის მაგალითი, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ტვინი, როგორც სუნთქვა, ოფლიანობა ან ადრენალინის მოზღვავება. თერაპევტები ხშირად იყენებენ ღიტინის ანალოგს. ღიტინი შეიძლება სასიამოვნო იყოს, თუმცა, როცა ამას ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ ვაკეთებთ, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო იყოს. და ამ უსიამოვნო გამოცდილების დროსაც, როცა ადამიანი ითხოვს, შევწყვიტოთ, მას მაინც ეცინება. იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ჩერდება.

როგორც ზემოთ ნახსენებ კვლევით ნაშრომშია ნათქვამი:

…აღგზნება ან ორგაზმი არ ნიშნავს, რომ სუბიექტი თანახმაა სტიმულაციაზე. მოძალადე იმით იმართლებს თავს, რომ გენიტალიების აღგზნება ან ორგაზმი ამტკიცებს, რომ თანხმობას არ აქვს ჩვეული ვალიდაცია და უნდა დაიგნორდეს… ადამიანის სექსუალური აღგზნება შეიძლება იყოს როგორც მენტალური, ისე ფიზიკური მდგომარეობა. ჩვეულებრივი სექსუალური აღგზნების დროს ორივე ერთდროულად ხდება. თუმცა შესაძლებელია, რომ მენტალურად და სექსუალურად აღგზნებული იყოს ადამიანი ისე, რომ არ ჰქონდეს აღგზნების გენიტალიური ნიშნები… პირიქითაც ხდება, სრულებით შესაძლებელია, ადამიანს ჰქონდეს აღგზნების გენიტალიური ნიშნები, მაგრამ მენტალურად არ იყოს აღგზნებული. ისიც კი შესაძლებელია, რომ ადამიანი აღგზნების გენიტალიური ნიშნებით შეძრწუნებული იყოს, თუ ფიქრობს, რომ უადგილო რეაქცია აქვს სექსუალურ სტიმულაციაზე. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ერექციის ქონა შიშველი დედის ან დის დანახვაზე ან ძალადობრივ სცენაზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის სექსუალობის მენტალური და ფიზიკური კომპონენტები ხშირად ერთდროულად და შეთანხმებულად მოქმედებს, თუმცა არა ყოველთვის. მართლაც, სექსუალური აღგზნება და გაძლიერებული მგრძნობელობის სხვა ფორმები იმდენად გადაჯაჭვულია, რომ 2010 წლისთვისაც კი ფსიქოლოგები ჯერ კიდევ კამათობდნენ სამეცნიერო ჟურნალებში „სექსუალური აღგზნების ზუსტ მნიშვნელობაზე,“ ან უფრო ზუსტად, რა უნდა დავუძახოთ. მშვენიერია!

სექსუალურ აღგზნებაში მენტალური/ფიზიკური გათიშვების მაგალითებია:

  • ზოგი ორგაზმს განიცდის წარბების გაკეთებისას. სხვების შემთხვევაში კბილებზე თითის დაჭერაც საკმარისია.
  • ზოგს ყოველგვარი ფიზიკური სტიმულირების გარეშე შეუძლია ჰქონდეს ორგაზმი. ერთმა ქალმა ეს ტომოგრაფიის მოწყობილობაშიც კი შეძლო.
  • ხერხემლის დაზიანების მქონე ადამიანებს (როდესაც ტვინი და სხეული გათიშულია) შეუძლიათ ჰქონდეთ ორგაზმი. ტომოგრაფიის მოწყობილობაში.
  • ქალები შეიძლება ისე აღეგზნონ სექსუალურად, რომ არც იცოდნენ. ქალის გენიტალიებში სისხლის მოზღვავების გაზომვით რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ქვეცნობიერმა გამოსახულებებმა, სხვა სახეობების სქესობრივი აქტის ფოტოებმა და ქალების მიერ საზიზღრად, მოსაწყენად ან არააღმაგზნებლად მიჩნეულმა ფოტოებმა შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება.
  • ეს მამაკაცებშიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ კაცებს, როგორც წესი, ბევრად უფრო აშკარა საზომი აქვთ.

ორგაზმს გაცნობიერება არ სჭირდება. კაცებსაც და ქალებსაც შეიძლება ჰქონდეთ ორგაზმი ძილის დროს.

აღგზნება გაუპატიურების დროს არის ფიზიკური რეაქციის მაგალითი, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა გონება, როგორც, მაგალითად, სუნთქვა.

უფრო მეტიც, აღგზნება და ორგაზმი მოდის დამოუკიდებელი ნერვული სისტემიდან, რომელიც ასევე მართავს გულისცემას, საჭმლის მონელებასა და ოფლიანობას. სექსუალურ აღგზნებაზე ზუსტად იმდენი კონტროლი გვაქვს, რამდენიც  თვალის გუგების გაფართოებაზე ან ოფლიანობაზე. სექსუალური აღგზნება გაუპატიურების დროს იმდენად არის თანხმობის შედეგი, რამდენადაც სხვა რეაქციები. ძალადობრივი თავდასხმის დროს შიშით გამოწვეულმა ინტენსიურმა ფიზიკურმა აღგზნებამ შეიძლება გააძლიეროს სექსუალური შეგრძნებები ე.წ. „აღგზნების გადაცემის“ პროცესში. ერთ-ერთი ლაბორატორიული კვლევის დროს, ელექტროშოკის მუქარით გამოწვეულმა მღელვარებამ გააძლიერა მამაკაცის ერექციული რეაქცია ეროტიულ ფოტოებზე. ამ კვლევაში მონაწილე კაცებს არ უნდოდათ შოკი. მათ არ სიამოვნებდათ იგი. მათი სხეულების გაძლიერებული ფიზიკური აღგზნების მდგომარეობა – ტკივილის შიშით გამოწვეული მღელვარება – აძლიერებდა სექსუალური აღგზნებასაც. სექსუალური აღგზნება არის ფიზიკური ტკივილისადმი შიშის კიდევ ერთი კომპონენტი.

გაუპატიურების ზოგიერთი მსხვერპლი ამბობს, რომ „გონებრივად სადღაც სხვაგან იყო“ და შემდეგ ორგაზმით დააბრუნეს უკან. აშკარაა, რომ ამ მსხვერპლებს არავითარი გონებრივი კავშირი არ აქვთ ფიზიკურ მდგომარეობასთან. ერთი ქალი, რომელმაც თქვა, რომ წამალი გაუკეთეს და შემდეგ გააუპატიურეს, იხსენებს, რომ კულმინაციის დროს მოვიდა გონს, რის შემდეგაც კვლავ დაკარგა გონება, როგორც კი შეგრძნება განელდა. ახლახან ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ვაგინალური ლუბრიკაცია ქალებში შეიძლება იყოს შეღწევის დროს დაშავების შემცირების ადაპტაციური რეაქცია. თვითონ სხეულს არ სიამოვნებს, მას უბრალოდ უნდა, თავი დაიცვას.

დაბოლოს, რაც ყველაზე საშინელია, ზოგიერთ მოძალადეს სიამოვნებს, რომ მსხვერპლის სხეული რეაგირებს მის ძალადობაზე და ამას დომინანტობის ნიშნად იღებს. ასეთი მოძალადეები ცდილობენ, მათ მსხვერპლებს ფიზიკური რეაქცია ჰქონდეთ მათ ძალადობაზე. მათ იციან, როგორ მოქმედებს შიში და მღელვარება გაძლიერებული აღგზნების სხვა ფორმებზე და სათავისოდ იყენებენ ამას.

სულაც არ არის მოულოდნელი, რომ გაუპატიურების მსხვერპლები, რომელთაც აღგზნება განიცადეს, ამბობენ, რომ დაბნეულები და შერცხვენილები არიან აღგზნებაზე ამ ფიზიკური რეაქციისა და ამ შეგრძნების სიამოვნებასთან ასოცირების გამო. მსხვერპლმა შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხოს „იქნებ, ქვეცნობიერად მინდოდა? თავად ხომ არ ვარ დამნაშავე? თუ ჩემს სხეულს ასეთი რეაქცია ჰქონდა, ავად ხომ არ ვარ?“ რეალობა ის არის, რომ სხეულის აღგზნების რეაქცია იმდენად არის  დანაშაულის ან მენტალური ავადმყოფობის ნიშანი, რამდენადაც აჩქარებული გულისცემა ან ადრენალინის მოზღვავება სხვადასხვა სიტუაციაში.

ხშირად სექსუალური სიამოვნება და სექსუალური აგრესია ფსიქოლოგიურად გადაჯაჭვულია, როდესაც მსხვერპლი გაუპატიურების დროს ორგაზმს განიცდის. მეთ ატკინსონის სიტყვებით, „სექსი, რომელიც ჯანსაღი, უვნებელი, სასიამოვნო და შეთანხმებული უნდა იყოს, მახინჯდება გაუპატიურებითა და ძალადობით“. როგორც ერთი ქალი ხსნის, „როგორც ჩანს, სიყვა „არას“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი საკუთარი სხეული არ მისმენდა. თითქოს არც მითქვამს ეს სიტყვა“. მართალია, შეიძლება მსხვერპლი ასე გრძნობდეს თავს, მაგრამ „არა“ ისევ არას ნიშნავს. ქალის თერაპევტის სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: შეგრძნება არ არის სიამოვნების ან თანხმობის გამოხატულება, ეს უბრალოდ ფიზიკური შეგრძნებაა.

კაცებიც განიცდიან იმედგაცრუებასა და დანაშაულს, რაც შეიძლება გააძლიეროს დამაბნეველმა ფიზიკურმა რეაქციამ. ბევრ შემთხვევაში ეს დაბნევა ხელს უშლის მსხვერპლს, ძალადობაზე განაცხადოს. 1980-იან წლებში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გაუპატიურებული კაცების დაახლოებით 90-95% ამაზე არასდროს აცხადებს. გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ეს რიცხვები კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს კაცების შემთხვევაში, რომელთა გაუპატიურებაც იწვევს აღგზნებისა და ეაკულაციის სტიმულირებას.

პოლიციასა და სასამართლოს შეიძლება ორგაზმი და აღგზნება აერიოს შეთანხმებულ ინტერაქციაში.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ პოლიციამ და სასამართლომ შეიძლება ორგაზმი და აღგზნება შეთანხმებული ინტერაქციის მტკიცებულებად მიიღოს. მართალია, კანონმდებლობა წინ წავიდა და დღეს ორსულობა, რომელიც ერთ დროს ორგაზმის ნიშნად ითვლებოდა, აღარ ათავისუფლებს მოძალადეს პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. დღეს ბევრი სასამართლო ცნობს, რომ ლეგალური თანხმობა თავისუფლად უნდა გაიცეს და რომ თანხმობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს (როგორც იქნა, 2012 წელს იმასაც მივაღწიეთ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროც კი სცნობს არაძალადობრივ გაუპატიურებას). თუ 1976 წელს ჯორჯიის შტატის უზენაესი სასამართლოს დასკვნით, ორგაზმს „არავითარი სამართლებრივი კავშირი არ აქვს  თანხმობის საკითხთან,“ შეიძლება არსებობს იმედი, რომ ადამიანები უკე გაიგებენ გონებისა და სხეულის გათიშვას, როდესაც საქმე გაუპატიურების დროს ასეთ დამოუკიდებელ რეაქციებს ეხება.

გაუპატიურების დროს აღგზნება და ორგაზმი ხდება. ალბათ, იმაზე ხშირად, ვიდრე ჩვენ ვიცით. ეს არ არის დანაშაულის ან სიამოვნების ნიშანი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს თანხმობას. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენს სხეულს რეაქცია აქვს, ისევე, როგორც აჩქარებული გულისცემა ან ადრენალინის მოზღვავება. მხოლოდ ამის გაცნობიერების შემდეგ შეიძლება დაიწყოს გამოჯანმრთელების პროცესი.

ავტორი: ჯენი მორბერი, Double X Science, 31 მაისი, 2013 წელი

თარგმანი: გურანდა დარჩიძე