არის ჩემი ურთიერთობა თანხმობაზე დაფუძნებული?

კატეგორია: ძალადობა

ქვემოთ მოცემულია შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც, რეალურად, მხოლოდ შენ შეგიძლია. დაფიქრდი და ეცადე ამოიცნო, ეფუძნება თუ არა შენი პირადი ურთიერთობა თანასწორობასა და ურთიერთ შეთანხმებას:

  • არის სექსის ქონის, ან არქონის, გადაწყვეტილება შენ სურვილზე და არჩევანზე დამოკიდებული?
  • პარტნიორისგან, ან გარეშე პირებისგან წნეხს ხომ არ განიცდი?
  • რა მიზეზით გინდა სექსუალური ცხოვრების დაწყება?
  • ფიქრობ, რომ შენი პარტნიორი აფასებს შენ გადაწყვეტილებას სექსის ქონის, ან სექსის არ ქონის შესახებ?
  • ენდობი და პატივს სცემ შენ პარტნიორს? სხეულისა და სექსუალური ლიმიტების პატივისცემა ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგიძლია უარი თქვა, გადაწყვიტო, ან გადაიფიქრო სექსუალური კავშირის ქონა.
  • თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც პარტნიორს სექსზე, საკუთარ სურვილებზე, მოთხოვნილებებსა და ემოციებზე ესაუბრები? კომუნიკაცია ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს საკუთარი მოლოდინები, საჭიროებები, შიშები გაუზიაროთ, მოუსმინოთ და უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი.
  • მასთან ერთად თავს უსაფრთხოდ გრძნობ? თვლი, რომ პატივს სცემს შენ გადაწყვეტილებებს? ნდობა ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. იგი პოზიტიური ურთიერთობის მანიშნებელია. როდესაც ნდობის მაგივრად, პარტნიორის გეშინია, ამას ნეგატიური გავლენა აქვს შენს გონებრივ ჯანმრთელობაზე.

სექსუალური ძალადობის საბაზისო ელემენტია თანხმობის არ არსებობა. იმისთვის, რომ ადამიანი სექსუალურ ურთიერთობაში ჩაერთოს, უმნიშვნელოვანესია გამოხატოს საკუთარი სურვილები თავისუფლად და ინფორმირებულად.

თანხმობა არ ითვლება ვალიდურად, თუ:

  • მას იძლევა არასრულწლოვანი პირი, რომელსაც ურთიერთობა აქვს სრულწლოვან ადამიანთან.
  • მას იძლევა პიროვნება, რომელიც ალკოჰოლური, ან ნრკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა, აქვს ჯანმრთელობის გართულებები და სვამს კონკრეტული სახის წამლებს.
  • მას იძლევა პიროვნება, რომელიც მუდმივად შიშის, ზეწოლის ან ძალადობის ქვეშაა.
  • მას იძლევა პიროვნება, რომელსაც არ აქვს ყველა საჭირო ინფორმაცია თანხმობის მისაცემად, ან ხელმძღვანელობს და დასკვნებს აკეთებს არასწორად მიცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ეს მნიშვნელოვანია! ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, გაიგე რა მოგწონს და რა განიჭებს სიამოვნებას. შეყვარებულის/პარტნიორის ყოლა მხოლოდ შენი გადაწყვეტილებაა, მოეკიდე ამას პასუხისმგებლობით, აარჩიე ისეთი ადამიანი, ვინც პატივს გცემს და აფასებს შენ გადაწყვეტილებებს. ნუ იქნები პირველივე შემხვედრ პიროვნებასთან მხოლოდ მარტოობის შიშის გამო – ჯობია მარტო იყო, ვიდრე მოძალადე პარტნიორთან, რომელიც გამცირებს, გაკონტროლებს და პატივს არ გცემს.

გინდა მეტი წაიკითხო თანხმობის შესახებ? მაშინ გადახედე ჩვენს სტატიას: ყველაფერი თანხმობის შესახებ.

ავტორი: სოფი ბერია