ჰორმონული IUD (სპირალი)

კატეგორია: კონტრაცეფცია

რა არის ჰორმონული IUD (სპირალი)?

  • ჰორმონული IUD (სპირალი) არის მცირე, T ფორმის პლასტმასის ძაფებიანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს ერთ ჰორმონს (პროგესტინს), რომელსაც ექიმი ათავსებს შენს საშვილოსნოში;
  • მას ხშირად სპირალურ სისტემას (IUS – intra-uterine system), მირენას ან jaydess უწოდებენ.

როგორ ხდება ორსულობის პრევენცია ჰორმონული სპირალით?

  • დაორსულებისთვის სპერმა უნდა მოხვდეს შენს ვაგინაში, მიაღწიოს საშვილოსნომდე და გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, რომელიც ოვულაციის დროს გამოიყო საკვერცხეებიდან. საშვილოსნოში მოთავსებული სპირალი ცვლის საშვილოსნოს ქიმიას და ურთულებს სპერმასა და კვერცხუჯრედებს გადარჩენისა და ერთანეთთან შეხვედრის საქმეს;
  • პროგესტინი ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს (საშვილოსნოს დასაწყისი), რაც ართულებს სპერმის მოხვედრას საშვილოსნოში და იქ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას;
  • ის ათხელებს საშვილოსნოს კედელსაც (ენდომეტრიუმს). ეს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ურთულებს საშვილოსნოში დარჩენას და ორსულობას;
  • ზოგიერთის შემთხვევაში ჰორმონალური სპირალი ხელს უშლის საკვერცხეებს, ოვულაციისას გამოყონ კვერცხუჯრედები.

რამდენად ეფექტურია ჰორმონული სპირალი?

  • ჰორმონული სპირალი 99.9%-ით ეფექტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ 1000 ადამიანს ერთი წლის განმავლობაში ექნება ჰორმონალური სპირალი, მხოლოდ ერთი ადამიანი დაფეხმძიმდება.

როგორ გამოვიყენოთ ჰორმონული სპირალი?

  • ექიმი თხელი (5 მმ-ზე ნაკლები), აპლიკატორი მილის დახმარებით სპირალს ათავსებს საშვილოსნოში;
  • ჰორმონული სპირალი ჰგავს T ფორმის პლასტმასს, რომელსაც ბოლოში მიმარგებული აქვს ძაფები. პლასტმასის ნაწილი რჩება საშვილოსნოში, ძაფები კი ჰკიდია საშვილოსნოს ყელის გარეთ (საშვილოსნოს დასაწყისში). ეს ძაფები მოკლეა და ვაგინის გარეთ არ ჩანს. შეგიძლია იგრძნო ეს ძაფები ვაგინაში თითის შეყოფითა და საშვილოსნოს ყელის შეხებით, თუმცა ძაფების შეგრძნება პენისით შეუძლებელია;
  • ნორმალურია, თუ ძაფები ოდნავ მოძრაობს ან იცვლის სიგრძეს. თუ გაინტერესებს, შეგიძლია თითის შეხებით შეამოწმო ისინი;
  • ჰორნომალური სპირალის ამოღება შეუძლია მხოლოდ ექიმს, როგორც კი დაასრულებ მის გამოყენებას. სპირალი შეგიძლია დაიტოვო 3-დან 5 წლამდე ვადით, იმის მიხედვით, რომელ მოდელს იყენებ.

როგორ დავიწყოთ ჰორმონული სპირალის გამოყენება?

  • თუ შენ და შენი ექიმი გადწყვეტთ, რომ ჰორმონალური სპირალი სწორი მეთოდია შენთვის, ექიმი მოგცემს რეცეპტს. ჰორმონალური სპირალის ყიდვა შესაძლებელია აფთიაქში (ფასი, დაახლოებით 300-550 აშშ დოლარი) ან სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკებში, რომლებიც ყიდიან სპირალს (ფასი, დაახლოებით 270-380 აშშ დოლარი);
  • დაგეგმილი ორსულობის ტორონტოს ჯანმრთელობის ცენტრში ჰორმონალური სპირალის ფასი 306 (3-წლიანი) და 380 (5-წლიანი) აშშ დოლარია;
  • რეცეპტის მიღებამდე, ექიმმა უნდა ჩაატაროს მენჯის სრული გამოკვლევა და შეგამოწმოს ინფექციებზე, მათ შორის სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე;
  • სასურველია, ექიმმა ჰორმონალური სპირალი ჩასვას პერიოდის განმავლობაში, თუმცა ეს სავალდებულო არ არის;
  • სპირალის ჩასმის შემდეგ შეიძლება გქონდეს დისკომფორტისა და სპაზმების შეგრძნება. როგორც წესი, ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში გადის. ტკივილგამაყუჩებლის გამოყენებაზე, უმჯობესია, კონსულტაცია გაიარო ექიმთან;
  • ორსულობისგან დაცვა სპირალის ჩადგმისთანავე იწყება, თუმცა სასურველია, 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავო ვაგინალური სექსისგან. ექიმმა შეიძლება, ასევე, გირჩიოს, პირველი 6 კვირის განმავლობაში გამოიყენო ორსულობისგან თავის დაცვის დამატებითი მეთოდი, მაგალითად, კონდომი ან სპერმიციდები.

ჰორმონული სპირალის გვერდითი მოვლენები?

  • პირველი 3 თვის განმავლობაში, შეიძლება გქონდეს ლაქები (პერიოდისგან განსხვავებით, მცირე რაოდენობით სისხლი) ან საკმაოდ ხშირი მცირე სისხლდება;
  • პერიოდი შეიძლება უფრო მარტივი და ხანმოკლე, ან არარეგულარული გახდეს;
  • ერთი წლის შემდეგ, იმ ქალების 16-35%, ვინც იყენებს სპირალს, საერთოდ აღარ აქვს პერიოდი;
  • იშვიათი, მაგრამ სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს აკნე, თავისა და მკერდის ტკივილი. ქალების მხოლოდ 5%-ს აღენიშნება მსგავსი გვერდითი მოვლენები;
  • გაესაუბრე ექიმს, თუ წარსულში გქონია დეპრესია ან მიდრეკილი ხარ პოტენციური წონის მატებისკენ.

ჰორმონული სპირალის უპირატესობები

  • დაორსულების ალბათობა უკიდურესად დაბალია;
  • მოდელის მიხედვით, შესაძლებელია 3-დან 5 წლამდე გამოყენება;
  • სექსამდე ან მის შემდეგ არაფრის გაკეთება არ გჭირდება;
  • ეს არის შედარებით „უდარდელი“ მეთოდი. მენჯის მორიგი შემოწმებისას ექიმმა უნდა შეამოწმოს, ადგილზეა თუ არა ძაფები;
  • სპირალმა შეიძლება გაამრტივოს და ნაკლებად მტკივნეული გახადოს პერიოდი. ერთი წლის შემდეგ, ქალების 16-35%-ს საერთოდ აღარ აქვს პერიოდი;
  • შეგიძლია გამოიყენო ეს მეთოდი, თუ ვერ იყენებ ესტროგენის შემცველ ორსულობის საწინააღმდეგო აბებს;
  • ის არ ზღუდავს შენს უნარს, დაფეხმძიმდე სპირალის ამოღების შემდეგ;
  • არ მოგიწევს, დამოკიდებული იყო პარტნიორ(ებ)ზე;
  • თუ არ გინდა, სხვებმა იცოდნენ, როგორ იცავ თავს ფეხმძიმობისგან, შეფუთვას ვერავინ იპოვის;
  • 5 წლის განმავლობაში, სპირალის ყოველთვიური ღირებულება იმაზე იაფია, ვიდრე ისეთი ჰორმონალური საშუალებების, როგორიცაა აბები ან ბეჭედი.

ჰორმონული სპირალის ნაკლი

  • სპირალი უნდა ჩასვას და ამოიღოს ექიმმა;
  • ჩასმა შეიძლება არაკომფორტული და მტკივნეული იყოს;
  • ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ სპირალი გატყდეს საშვილოსნოს კედელზე ჩასმის დროს (1000-დან 1 შემთხვევა). გატყდომის შემთხვევაში, მოგიწევს ცოტა ხანი დაიცადო, სანამ მეორედ ცდი სპირალის გამოყენებას.
  • ძალიან მცირე შანსია, პირველ წელს შენმა ორგანიზმმა გამოდევნოს სპირალი (მომხმარებელთა მხოლოდ 2-10%-ის შემთხვევაში). თუ ეს მოხდება, ორსულობისგან დაცული არ ხარ. სპირალის გამოდევნა ყველაზე ხშირია ჩასმიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში. ამიტომ ექიმმა ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გირჩიოს ორსულობისგან თავდაცვის დამატებითი მეთოდი, როგორიცაა კონდომი ან სპერმიციდები;
  • თუ შენი საშვილოსნო გამოდევნის სპირალს და გინდა ახლის ჩასმა, მოგიწევს ახალი სპირალის საფასურის გადახდა;
  • თუ გაქვს ან სპირალის ჩასმისადან პირველი 3 კვირის განმავლობაში დაგემართება სექსუალური გზით გადამდები ან სხვა ინფექცია, შედარებით მაღალი რისკია, დაგემართოს მენჯის ანთებითი დაავადება, რაც შეიძლება მტკივნეული იყოს და გამოიწვიოს უშვილობა. ამ დაავადების რისკი 3 კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად მაღალი არ არის იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც სპირალი არ აქვს;
  • ზოგიერთმა ექიმმა შეიძლება თავი შეიკავოს სპირალის გამოწერისგან იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სექსუალური გზით გადამდები ინფექციების შედარებით მაღალი რისკი აქვთ;
  • შეიძლება გქონდეს გვერდითი მოვლენები;
  • ზოგიერთი ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს ისეთი მეთოდის გამოყენებისას, როცა პერიოდი საერთოდ წყდება;
  • სპირალი არ გიცავთ სექსუალური გზებით გადამდები ინფექციებისგან;

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს (მაგ. ტრანსგენდერი ადამიანები), ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com