ყველაფერი სექსტინგზე

კატეგორია: სექსი

Sexting – ტელეფონის გამოყენებით სექსუალური ფოტოების, ვიდეობის ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა – შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს მნიშვნელოვანი. თუმცა სანამ გაგზავნის ღილაკს დააჭერ ხელს, გაითვალისწინე, რომ ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს.

რა არის სექსტინგი?

სექსტინგი ნიშნავს ტელეფონის, კომპიუტერის ან კამერის გამოყენებით სექსუალური შეტყობინებების ან ფოტოების (როგორც წესი, სელფების) გაგზავნას. შეიძლება ფიქრობდე, რომ ეს ფლირტის უწყინარი ფორმაა ან გინდოდეს, შეყვარებულს დაანახო, რომ მოგწონს. მაგრამ სექსტმა შეიძლება შენს გატაცებაზე ან ურთიერთობაზე მეტ ხანს გაძლოს. როგორც კი გაგზავნის ღილაკს ხელს დააჭერ, გაგზავნილ ტექსტს ან ფოტოს უკან ვეღარ დააბრუნებ. შეიძლება შენმა ყოფილმა შეყვარებულმა ან პარტნიორმა წაშალოს კიდეც დაშორების შემდეგ, მაგრამ ვაი და არ წაშალა?

სექსტინგმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნას, მიუხედავად იმისა, გზავნი თუ აზიარებ. შეიძლება ფოტოები სხვებს გაუგზავნონ ან ონლაინ გამოაქვეყნონ, სადაც შეიძლება შენმა ოჯახმა, მასწავლებლებმა ან მეგობრებმა ნახონ. ამ ფოტოების ან შეტყობინებების გაზიარება ნებართვის გარეშე შენი პირადი სივრცის უხეში დაღვევაა და დაუშვებელია. და, თუ შენ მიერ გაგზავნილ ან გაზიარებულ ფოტოებზე ადამიანი არასრულწლოვანია (თუნდაც ეს შენ იყო), შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც, რადგან ეს სერიოზული დანაშაულია.

რა უნდა ვქნა, თუ სექსტინგს მთხოვენ?

შეყვარებული შიშველი ფოტოს გაგზავნას გთხოვს? უფლება გაქვს, უარი თქვა ნებისმიერი სახის სექსუალურ ქცევაზე, მათ შორის სექსტინგზეც. გაქვს უფლება, ყოველთვის დაცულად და პატივცემულად გრძნობდე თავს ურთიერთობაში.

სექსტური შეტყობინების გაგზავნამდე, საკუთარ თავს ჰკითხე:

  • ეს კანონიერია? არასრულწლოვანი (18 წელს ქვემოთ) ადამიანის შიშველი ან სექსუალური ფოტოების გაგზავნა, ფლობა ან გადაღება უკანონოა, თუნდაც ორივე თანახმა იყოთ. არასდროს გაგზავნო, შეინახო ან გადაუგზავნო არასრულწლოვნის შიშველი ფოტო. ზოგან საკუთარი შიშველი ფოტოს გაგზავნაც უკანონოა;
  • ეს ის არის, რაც გინდა? თუ ვინმე გაიძულებს სექსტური შეტყობინების გაგზავნას, როცა შენ ეს არ გინდა ან გემუქრება, გაუზიარო პირადი ფოტოები ან შეტყობინებები, იცოდე, რომ ის არ სცემს პატივს შენს საზღვრებს, რაც არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია. ამიტომ არ გაუგზავნო არავის ფოტოები, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა;
  • სხვაგან ხომ არ გააზიარებენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია, რადგან ხშირად არ იცი პასუხი. როდესაც ვიღაცა საკმარისად მოგწონს ან ენდობი, რომ სექსტური შეტყობინება გაუგზავნო, შეიძლება ვერასდროს ვერ წარმოიდგინო, რომ ეს ადამიანი შენს ფოტოებს ან შეტყობინებებს სხვას აჩვენებს. თუმცა ადამიანები ხშირად აკეთებენ იმასაც, რასაც მათგან არ ველოდებით, განსაკუთრებით ჩხუბის ან დაშორების შემდეგ. მათ შენი სექსტური შეტყობინებები შეიძლება სამაგიეროს გადახდის მიზნით გამოიყენონ. შეიძლება განზრახ არც გააზიარონ შენი ფოტოები, მაგრამ მეგობრებმა დაათვალიერონ მათი ტელეფონი, დაკარგოს, მოპარონ ან სულაც დაჰაკონ და შენი ფოტოები ისე გააზიარონ, რომ არც იცოდე და არც თანახმა იყო.

სექსტური შეტყობინების გაგზავნა ისეთი ადამიანისთვის, ვინც გიყვარს, შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ იცოდე, რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არსებობს უამრავი გზა, შენი შეტყობინება ცუდ ხელში მოხვდეს განზრახ ან შემთხვევით, რამაც შენ შეიძლება ზიანი მოგაყენოს. ამიტომ კარგად დაფიქრდი, სანამ ისეთ რამეს გაგზავნი, რაც არ გინდა, მთელმა ქვეყანამ იცოდეს.

როგორ დავიცვა ჩემი ფოტოები და შეტყობინებები?

გულწრფელობა – ამის გარანტია ვერასდროს ვერ გექნება. შეიძლება გეგონოს რომ ასეთ რამეს კონკრეტულ ადამიანებს უგზავნი, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია შეინახოს და შემდეგ სხვას გაუზიაროს ფოტოები (სნეპჩეთშიც კი). როგორც კი გაგზავნი, ვეღარ აკონტროლებ, ვინ ხედავს შენს ფოტოებს და ვერც უკან დაიბრუნებ. ტელეფონიდან, აპლიკაციიდან ან პროფილიდან რომც წაშალო, ადამიანებს შეუძლიათ შეინახონ და გაავრცელონ.

სექსტური შეტყობინება და შიშველი ფოტო გამომიგზავნეს. რა ვქნა?

თუ ადამიანი, რომელსაც ხვდები, გიგზავნის სექსტურ შეტყობiნებას ან შიშველ ფოტოს:

  • არ გაუგზავო და არ ანახო სხვებს. შიშველი ფოტოების გაზიარება შეურაცხმყოფელია. შეიძლება დანაშაული იყოს არასრულწლოვანი (18 წელს ქვემოთ) ადამიანის შიშველი ფოტოს შენახვა და სხვისთვის გაზიარება, თუნდაც შენც არასრულწლოვანი იყო;
  • აუხსენი, რატომ არ არის კარგი იდეა სექსტინგი. ფლირტის უამრავი სხვა გზა არსებობს;
  • დაუყოვნებლივ წაშალე შეტყობინება. თუ ტელეფონი დაკარგე, მოგპარეს ან სხვას ათხოვე, ეს შეტყობინებები შეიძლება სხვებმაც ნახონ.

თუ მეგობარი სხვის სექსტურ შეტყობინებას გიგზავნის:

  • უთხარი გამომგზავნს, რომ ეს არ არის კარგი და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს;
  • დაელაპარაკე ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი, თუ ფიქრობ, რომ ვინმე ბულინგის ან ზეწოლის მსხვერპლია;
  • არ აჩვენო სხვას (გარდა ზრდასრულისა, რომელსაც ენდობი), შეიძლება დანაშაული იყოს არასრულწლოვნის ასეთი ფოტოს ან შეტყობინების ქონა;
  • წაშალე ფოტო ან სექსტური შეტყობინება.

თუ შენთვის უცნობი ადამიანი გიგზავნის სექსტურ შეტყობინებას ან შიშველ ფოტოს:

  • დაუყოვნებლივ უთხარი მშობლებს ან ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი;
  • არ წაშალო ფოტო ან ტექსტი, სანამ არ აჩვენებ მშობლებს ან ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი;
  • არ აჩვენო არავის, გარდა მშობლების ან ზრდასრული ადამიანისა, ვისაც ენდობი.

გახსოვდეს, დაუშვებელია სხვისი პირადი ფოტოების და სექსტური შეტყობინებების გაზიარება, თუნდაც ნაჩხუბარი იყო ამ ადამიანთან ან არ მოგწონდეს. ეს არის ბულინგისა და სექსუალური შევიწროვების სასტიკი ფორმა და შეიძლება ადამიანებს ძალიან ატკინო გული.