უსაფრთხო და სახიფათო აბორტი

კატეგორია: აბორტი

აბორტის შესახებ ბევრი მითი და სტერეოტიპი არსებობს, ამიტომ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ უსაფრთხო და სახიფათო აბორტის პროცედურა.

რა არის უსაფრთხო აბორტი?

აბორტი არის უსაფრთხო პროცედურა, როდესაც იგი ტარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეთოდებისა და ორსულობის ვადების გათვალისინებით. ასევე აუცილებელია, რომ სერვისის პროვაიდერი სპეციალურ უნარ-ჩვევებს ფლობდეს და გადამზადებული იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უსაფრთხო აბორტად შეიძლება ჩაითვალოს როგორც მედიკამენტოზური, ასევე ქირურგიული აბორტი.

რას ნიშნავს სახიფათო აბორტი?

სახიფათოა აბორტი, როდესაც იგი არ სრულდება სპეციალური კვალიფიკაციის მქონე კადრის მიერ, ტარდება გარემოში, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებს, ან ორივე ერთად. ადამიანები, მათი უნარები და სამედიცინო სტანდარტები განსხვავებულად ფასდება უსაფრთხო მედიკამენტოზური და ქირურგიული აბორტის შემთხვევაში. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე და უახლეს სამედიცინო კვლევებზე.

  • აბორტი ნაკლებად უსაფრთხოა, როდესაც ტარდება მოძველებული მეთოდებით. მაგალითად, საშვილოსნოს გამოფხეკა ნაკლებად უსაფრთხოა, თუნდაც ექიმი ძალიან გამოცდილი იყოს. აბების მიღებაც გარკვეულ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული, თუ ადამიანს არ მიეწოდება ადეკვატური ინფორმაცია, ან, გართულებების შემთხვევაში, არ ექნება წვდომა პროფესიონალთან.
  • აბორტი სახიფათოა, თუ გულისხმობა კაუსტიკური ნივთიერებების მიღებას, ან როდესაც გამოუცდელი ადამიანები მუცლის მოსაშლელად ხალხურ მეთოდებს მიმართავენ.

ქალები და ახალგაზრდები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ უსაფრთხო აბორტზე, ხშირად მიმართავენ მის საფრთხის შემცველ მეთოდებს. ბარიერები, რომლებსაც ეს ადამიანები აწყდებიან შეიძლება იყოს:

  • შეზღუდული კანონი,
  • შეზღუდული წვდომა სერვისებზე,
  • მაღალი ფასები,
  • სტიგმა,
  • უარი სერვისის პროვაიდერის მხრიდან აბორტის გაკეთებაზე,
  • სხვა უსარგებლო მოთხოვნები, მაგალითად ლოდინის პერიოდი.

ვინ არის რისკის ქვეშ?

ნებისმიერი ქალი, რომელსაც არასასურველი ორსულობა აქვს და უსაფრთხო აბორტზე არ მიუწვდება ხელი სახიფათო აბორტის რისკის ქვეშ დგას. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ქალები ამ კუთხით უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან. სიკვდილი და სერიოზული ჯანმრთელობის დაზიანებები ბევრად უფრო მაღალია, როდესაც სახიფათო აბორტი ორსულობის გვიან ვადაში ხდება. ამ უკანასკნელის რისკი მაღალია მაშინაც, თუ ეფექტურ კონტრაცეფციასა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა დაბალია.

სახიფათო აბორტთან დაკავშირებული რისკები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება

სახიფათო აბორტის შემდეგ, ქალები არაერთი სახის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებას განიცდიან, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი ცხოვრების ხარისხზე. ეს შეიძლება იყოს შინაგანი სისხლჩაქცევები და სისხლდენა, ინფექცია, შინაგანი რეპროდუქციული ორგანოებისა და გარეგანი გენიტალიების დაზიანებები, არასრული აბორტი და სხვა. ხანდახან, სახიფათო აბორტის გართულებების დიაგნოსტირება რთული ხდება, ამიტომ, აუცილებელია, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარების სერვისებზე ტრანსპორტირების ჩათვლით, სადაც მათი დროული გადაყვანა და სწრაფი დიაგნოსტირება მოხდება.

პრევენცია და კონტროლი:

სახიფათო აბორტის პრევენცია შესაძლებელია:

  • ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვით,
  • ეფექტურ, თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებებსა და გადაუდებელი კონტრაცეფციის აბებზე ადვილი ხელმისაწვდომობით,
  • უსაფრთხო და კანონიერი აბორტის სერვისის დანერგვით.

აბორტის კრიმინალიზება და აკრძალვა არ შეამცირებს აბორტების რიცხვს. აბორტის სტატისტიკა თითქმის ერთნაირია იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი აკრძალულია, და სადაც იგი კანონით ნებადართულია. ეს ამტკიცებს, რომ თუნდაც პროცედურა არალეგალური იყოს, ადამინი მაინც იპოვის გზებს მის გასაკეთებლად, რითიც სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ იგდებს.

მნიშვნელოვანი ფაქტები აბორტის შესახებ:

  • 2010-2014 წლის ფარგლებში, ყოველწლიურად 56 მილიონი უსაფრთხო და სახიფათო აბორტის პროცედურა გაკეთდა მთელ მსოფლიოში.
  • ყოველი ათასი ქალიდან 35-ს აქვს აბორტი გაკეთებული და მათი ასაკი 15-44 წლის ფარგლებში მერყეობს.
  • ყველა ორსულობის 25% აბორტით მთავრდება.
  • აბორტების რაოდენობა განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
  • განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად 25 მილიონამდე სახიფათო აბორტის პროცედურა ტარდება. მათ შორის, 8 მილიონი ყველაზე ნაკლებ-უსაფრთხო, ან სახიფათო პირობებში ხდება.
  • ითვლება, რომ მთელ მსოფლიოში ყველა სახიფათო აბორტის ნახევარი აზიაში ტარდება.
  • ყოველი 4-დან 3 აბორტი, რომლებიც აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ჩატარდა, სახიფათო იყო.
  • 2010-2014 წლებში სახიფათო აბორტის შედეგად სიკვდილიანობის რისკი ყველაზე მაღალი აფრიკაში იყო.
  • ყოველწლიურად დედათა სიკვდილიანობის 4.7%-13.2% სახიფათო აბორტთანაა დაკავშირებული.
  • განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად 7 მილიონამდე ქალი მიმართავს საავადმყოფოს სახიფათო აბორტის შედეგად.
  • ითვლება, რომ სახიფათო აბორტის გართულებების მკურნალობა ყოველწლიურად 553 მილიონი დოლარი ჯდება.
  • უსაფრთხო აბორტს უნდა ასრულებდეს სპეციალური განათლების მქონე პირი, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იცის და რომლის მეთოდებიც ორსულობის ფაზას შეესაბამება.
  • თითქმის ყველა აბორტით გამოწვეული სიკვდილის პრევენცია შესაძლებელია ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებით, კონტრაცეფციის ეფექტური გამოყენებით, უსაფრთხო, ლეგალურ აბორტზე ხელმისაწვდომობითა და გართულებების დროული მკურნალობით.
წყარო: www.who.int