სპილენძის IUD (სპირალი)

კატეგორია: კონტრაცეფცია

რა არის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა, იგივე IUD?

სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა არის პატარა, T ფორმის პლასტმასის მოწყობილობა, რომელსაც სპილენძის მასალა აქვს შემოხვეული. მისი საშვილოსნოში მოთავსება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დახმარებით.

ეს სტატია არის სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობაზე, ჰორმონალური მოწყობილობის შესახებ გადადი ბმულზე: ჰორმონალური IUD სპირალი.

როგორ მუშაობს სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა და როგორ უშლის ხელს დაორსულებას?

იმისათვის, რომ მოხდეს დაორსულება, აუცილებელია, სპერმა მოხვდეს ვაგინაში, რომელიც შემდეგ გადაადგილდება ზემოთ, საშვილოსნოს ყელისკენ და გაანაყოფიერებს ოვულაციის დროს საკვერცხეებიდან გამოთავისუფლებულ კვერცხუჯრედს. სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა ართულებს კვერცხუჯრედისა და სპერმის გადარჩენას და ხელს უშლის მათ შეხვედრას.

სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გადაუდებელი კონტრაცეფცია, თუ მის გამოყენებას დაუცველი სექსუალური აქტიდან 7 დღის განმავლობაში დავიწყებთ.

რამდენად ეფექტურია სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა?

სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის ეფექტურობი დონე არის 99%. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ 100 ადამიანი 1 წლის განმავლობაში გამოიყენებს კონტრაცეფციის ამ მეთოდს, მათგან მხოლოდ 1 ადამიანი დაორსულდება.

როგორ გამოვიყენო სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა?

მოწყობილობას საშვილოსნოში ათავსებს ექიმი.

კონტრაცეფციის ეს მეთოდი არის პლასტმასის T ფორმის მოწყობილობა, რომელსაც დაბლა აქვს პატარა ძაფები, რომელიც მოთავსებული იქნება საშვილოსნოს ყელში. ეს ძაფები საკმაოდ მოკლეა და, როგორც წესი, სექსუალური აქტის დროს არ იგრძნობა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძაფები დაგრძელდა ან გადაადგილდა. ეს შეგრძნებები სრულიად ნორმალურია და, თუ ცნობისმოყვარე ხარ, შეგიძლიათ თითით შეამოწმოთ.

შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის გამოყენება, თუმცა მისი საშვილოსნოდან გამოღებაც მხოლოდ ექიმის დახმარებით უნდა განხორციელდეს. მოწყობილობის გამოყენება შეგიძლია 3, 5 და 10 წელიც კი. მისი ვარგისიანობის ვადა დამოკიდებულია მოდელზე, ვადის შესახებ ინფორმაციას ექიმი მოგაწვდის სპირალის საშვილოსნოში ჩადგმის შემდეგ.

როგორ დავიწყო სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის გამოყენება?

თუ გადაწყვეტ, რომ სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა შენთვის შესაფერისი კონტრაცეფციის მეთოდია, აუცილებელია, მიმართო ექიმს, რომელიც გაგაცნობს პროცედურას და ჩაგიტარებს ანალიზებს, რადგან აუცილებელია, რომ ორგანიზმი თავისუფალი იყოს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან მოწყობილობის საშვილოსნოში მოთავსებისას. შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, რომ სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა მოთავსდეს საშვილოსნოში მენსტრუაციის დროს, თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის. მოთავსების შემდეგ შეიძლება უსიამოვნო შეგრძნებები გქონდეს, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის. თუ თვლი, რომ ტკივილგამაყუჩებელი გჭირდება, კარგი იქნება, თუ ამის შესახებ წინასწარ დაელაპარაკები ექიმს და გეცოდინება, რომელი პრეპარატი გამოიყენო.

სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის მოთავსების შემდეგ, კარგი იქნება, თუ 48 საათი დაიცდი, სანამ ვაგინალური სექსი გექნება. ექიმმა შეძლება გირჩიოს დამატებითი კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენებაც პირველი 6 კვირის განმავლობაში.

აქვს სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობას გვერდითი მოვლენები?

  • შეიძლება მენსტრუაცია უფრო გახანგრძლივდეს;
  • მენსტრუაციის დროს ტკივილი უფრო ინტენსიური იყოს.

სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის დადებითი მხარეები:

  • მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, 3, 5 ან 10 წლის განმავლობაშიც კი;
  • არ გჭირდება რაიმეს გაკეთება სექსუალური აქტის წინ ან შემდეგ;
  • სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის გამოყენებისას აუცილებელია მხოლოდ მისი შემოწმება გინეკოლოგთან რიგითი ვიზიტისას;
  • არ აქვს ჰორმონალური გვერდითი მოვლენები. ყველას, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება, შეუძლია გამოიყენოს ეს მოწყობილობა;
  • არ ახდენს ზეგავლენას შენს უნარზე, დაორსულდე მომავალში;
  • არ გიწევს პარტნიორის იმედად ყოფნა, რომ ის გამოიყენებს კონტრაცეფციის მეთოდს;
  • თუ გსურს, საიდუმლოდ დატოვო, რომ იყენებ კონტრაცეფციის მეთოდს, სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის გარედან შემჩნევა შეუძლებელია;
  • კონტრაცეფციის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი უფრო იაფია და არ მოითხოვს ყოველთვიურ ხარჯებს.

სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის უარყოფითი მხარეები:

  • მას ათავსებს და იღებს მხოლოდ ექიმი. მათთვის, ვისაც ჯერ არ უმშობიარია, შეიძლება მოთავსება ცოტა უფრო რთული იყოს;
  • მოწყობილობის მოთავსება შეიძლება არასასიამოვნო იყოს;
  • არის ძალიან მცირე შანსი, რომ ჩადგმისას მოწყობილობა გატყდეს (1 შემთხვევა 1000-დან). ასეთ შემთხვევაში, საშვილოსნოს დასჭირდება დრო, რომ მეორედ სცადო მოწყობილობის გამოყენების დაწყება;
  • არსებობს მცირე შანსი, რომ შენი სხეული უკან გამოდევნის მოწყობილობას (2-დან 10%-მდე), გამოდევნის შანსი ყველაზე მაღალია პირველი 6 კვირის განმავლობაში, სწორედ ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში კონტრაცეფციის სხვა მეთოდს (მაგალითად, კონდომს) გამოიყენებ;
  • არსებობს ინფექციის რისკიც, თუ მოთავსებისას შენ გაქვს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია. ამიტომ მოთავსებამდე აუცილებელია ამ ინფექციებზე ტესტირება;
  • სპილენძის საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა არ გიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან;
  • შეიძლება გქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
წყარო: teenhealthsource.com