სექსუალური შევიწროვება, ძალადობა და გაუპატიურება

კატეგორია: ძალადობა

თუ სექსზე თანახმა არ ხარ და ვინმე გაიძულებს სექსუალურ ქმედებას, ეს არის სექსუალური შევიწროვება, ძალადობა და/ან გაუპატიურება და ეს არასდროს არ არის შენი ბრალი.

რა არის სექსუალური შევიწროვება, ძალადობა და გაუპატიურება?

სექსუალური შევიწროვება ან ძალადობა ნიშნავს არასასურველ სექსუალურ კონტაქტს. ეს არის, როდესაც ვინმე ძალის გამოყენებით ან ზეწოლით (ფიზიკური თუ ემოციური) ცდილობს, რაიმე სექსუალური ქმედება გაგეკეთებინოს. გაუპატიურება არის, როცა ვინმე გაიძულებს, გქონდეს სექსი.

ყველა სახელმწიფო სხვადასხვაგვარად განმარტავს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა „გაუპატიურება,“ „სექსუალური შევიწროვება“ და „სექსუალური ძალადობა“. გაუპატიურება არის იძულებითი ვაგინალური, ანალური ან ორალური პენიტრაცია სხეულით ან სხვა საგნით.

აქ ჩამოთვლილია სექსუალური ძალადობის ან შევიწროვების მაგალითები:

  • როცა ვინმე თანხმობის გარეშე გეხება მკერდზე, საჯდომსა და სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • როცა ვინმე თანხმობის გარეშე გაჩვენებს საკუთარ გენიტალიებს და გაიძულებს, შეეხო;
  • როცა ვინმე თანხმობის გარეშე გეხება გენიტალიებით (ხშირად ეს ხდება ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა მეტრო და ავტობუსები);
  • ვინმე გაიძულებს კოცნას;
  • ვინმე გეხება საჯდომზე შენი თანხმობის გარეშე.

არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ოჯახის წევრია, მეგობარი თუ შეყვარებული, ეს დანაშაულია. ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა უყოს საკუთარ სხეულს. თუ ხვდები ადამიანს, რომელიც არ სცემს პატივს შენს საზღვრებს, შეიძლება არაჯანსაღ ან ძალადობრივ ურთიერთობაში იყო.

თუ შენი მასწავლებელი, ოჯახის წევრი, უფროსი ან სხვა, ასაკით უფროსი ადამიანი სექსუალურად გექცევა, ეს არის სექსუალური ძალადობა, თუნდაც თანახმა იყო. თუ მასწავლებელი ან სხვა ზრდასრული ადამიანი ცდილობს, შეგეხოს ან გაკოცოს ან გთხოვს მასთან სექსუალურ კავშირს, დაუყოვნებლივ უთხარი ვინმეს, ვისაც ენდობი. ხშირად, მოძალადე შეეცდება, დაგაჯეროს, რომ პრობლემები შეგექმნება, თუ არ გააკეთებ, რასაც გთხოვს ან თუ ვინმეს ეტყვი. მაგრამ გახსოვდეს, რასაც ისინი აკეთებენ, დანაშაულია და არ აქვს მნიშვნელობა, რა თქვი ან გააკეთე, ეს 100% მათი ბრალია და არა შენი.

გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის ან შევიწროვების მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გახდეს, მიუხედავად ასაკისა, რასისა, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციისა. ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ გოგონებს ემართებათ, რაც არ არის სიმართლე. მართალია, მსხვერპლთა უმეტესობა გოგოა, მაგრამ ყოველი 5 მსხვერპლიდან 1 მამაკაცია.

რა უნდა გავაკეთო, თუ გამაუპატიურეს, სექსუალურად იძალადეს ჩემზე ან შემავიწროვეს?

თუ გაგაუპატიურეს, სექსუალურად იძალადეს შენზე ან შეგავიწროვეს, შეიძლება შოკირებული, შეშინებული იყო და არ იცოდე, რა გააკეთო.

აი, როგორ უნდა მოიქცე:

  1. დაუყოვნებლივ წადი უსაფრთხო ადგილას. შენი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. უმჯობესია, წახვიდე ხალხმრავალ ადგილას ან იპოვო ვინმე, ვინც დაგეხმარება.
  2. როგორც კი უსაფრთხო ადგილას იქნები, არ შეიცვალო არაფერი. არ არის აუცილებელი, მაშინვე გადაწყვიტო პოლიციასთან დალაპარაკება ან ჩივილი. თუმცა, თუ ამას გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია, პოლიციას ჰქონდეს მტკიცებულება, რაც შეიძლება შენს სხეულზე იყოს. ამიტომ არ მიიღო შხაპი და არ ჩამოიბანო სხეულის ნაწილები. თუ შეგიძლია, არ შეხვიდე ტუალეტში, არ დაივაცხნო თმა, არ შეჭამო, არ მოწიო, არ დალიო და არ მიიღო წამლები. თუ ტანსაცმელს გამოიცვლი, აუცილებლად მიიტანე ისინი საავადმყოფოში ან პოლიციის განყოფილებაში.
  3. უთხარი მშობლებს, მეურვეებს ან სხვას, ვისაც ენდობი. ისინი დაეგხმარებიან, რა გააკეთო შემდეგ, რაც შეიძლება იყოს ექიმთან შემოწმებაზე მისვლა ან პოლიციაში დარეკვა.
  4. მიდი ექიმთან ან ექთანთან. სექსუალური ძალადობის შემდეგ მკურნალობა მნიშვნელოვანია. შეგიძლია მიხვიდე გადაუდებელი დახმარების ცენტრში ან უახლოეს კლინიკაში.

ექიმები და ექთნები, რომლებიც ეხმარებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს, ამისთვის მომზადებულები არიან. მათ იციან, როგორ მოგხედონ. ისინი:

  • შეგამოწმებენ, რათა ნახონ, დაშავებული ხომ არ ხარ
  • აღმოგიჩენენ სამედიცინო დახმარებას, რაც შეიძლება გულისხმობდეს გადაუდებელ კონტრაცეფციას (თუ არსებობს ორსულობის რისკი), სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე შემოწმებას და აივ ინფექციის პრევენციისთვის საჭირო წამლებს
  • შეაგროვებენ მტკიცებულებებს, რათა გქონდეს ჩივილის საშუალება, თუ ამას გადაწყვეტ. მტკიცებულება შეიძლება იყოს მოძალადის სპერმა, თმა ან კანის უჯრედები, რაც შეიძლება სხეულზე გქონდეს.
  1. გადაწყვიტე, გინდა თუ არა, დაელაპარაკო პოლიციას. სექსუალური შევიწროვება არის დანაშაული და გაქვს უფლება, ამაზე აცნობო პოლიციას. შეგიძლია თავად დაურეკო ან სთხოვო გაუპატიურების კრიზისების ცენტრს, მშობელს, მეურვეს ან ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობი, შენ ნაცვლად დარეკონ. პოლიცია დაგისვამს კითხვებს და დაგელაპარაკება, გინდა თუ არა, უჩივლო მოძალადეს.

თუ გადაწყვეტ, დაელაპარაკო პოლიციას, ჯობია, თან ვინმე გახლდეს. თუ პოლიციის წარმომადგენელი გთხოვს, მარტო დაელაპარაკო, შეგიძლია უარი თქვა, თუ რა გინდა. შეიძლება თან გყავდეს ოჯახის წევრი, მეგობარი ან ადვოკატი.

  1. მიუხედავად ყველაფრისა, გახსოვდეს, რომ, რაც მოხდა, შენი ბრალი არ არის. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ, რაც მოხდა, მათი ბრალია, თუ მოძალადე მეგობარი, ოჯახის წევრი ან შეყვარებულია. ეს მაინც არ არის შენი ბრალი. თუნდაც სექსუალურად იქცეოდი ამ ადამიანთან, მაგრამ შეწყვიტე, შემდეგ კი მან მაინც გაიძულა, მაინც არ არის შენი ბრალი. არ აქვს მნიშვნელობა, რა გეცვა, რას სვამდი ან როგორ იქცეოდი, ეს არ არის შენი ბრალი. შენ ეს არ გითხოვია და არც დაგიმსახურებია.

შეიძლება დიდი დრო დაგჭირდეს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, თერაპევტთან ან მრჩეველთან საუბარი დაგეხმარება. გაუპატიურების მსხვერპლთაც შეუძლიათ შენი დახმარება. სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რომელთაც იგივე გამოიარეს, შეიძლება ძალიან დაგეხმაროს.

შენ არ ხარ მარტო. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხდება სექსუალური ძალადობის, შევიწროვების ან გაუპატიურების მსხვერპლი. შენ გადაიტან ამას და არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან.

როგორ დავეხმარო მეგობარს, რომელიც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა?

ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის, იყო მის გვერდით. აქ არის ჩამოთვლილი, რა უნდა გააკეთო და რა არა, რათა დაეხმარო მეგობარს, რომელიც სექსუალური ძალადობის, შევიწროვების ან გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

რა უნდა გააკეთო:

  • მოისმინე მათი ამბავი და დაუჯერე
  • უთხარი, რომ, რაც მოხდა, მისი ბრალი არაა
  • გაუზიარე დახმარების ცენტრების შესახებ ინფორმაცია
  • დაარწმუნე, დაელაპარაკოს ზრდასრულ ადამიანს, თუ ჯერ არ უქნია
  • შესთავაზე თან გაყოლა

რა არ უნდა გააკეთო:

  • როგორ შეეძლო ამისი თავიდან აცილება
  • უთხრა სხვას, თუ მეგობარს არ უნდა გამხელა
  • აიძულო, დაელაპარაკოს პოლიციას
  • დაემუქრო, რომ სცემ მოძალადეს.

ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობისთვის თავის გართმევას დრო სჭირდება. ისინი შეიძლება არც კი ფიქრობდნენ, რომ ეს შევიწროვება/ძალადობა/გაუპატიურებაა. ამის გააზრებას ხანდახან დრო სჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, იზრუნო საკუთარ თავზე, როცა ცდილობ, დაეხმარო მეგობარს. საყვარელი ადამიანის შესახებ მსგავსი ინფორმაციის მოსმენა შეიძლება მტკივნეული იყოს.

წყარო: teenhealthsource.com