საშიში ნიშნები ურთიერთობაში

კატეგორია: ძალადობა

ძალადობას ხშირად აქვს წითელი დროშები (ქცევები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ადამიანი შეიძლება ძალადობდეს შენზე). რა თქმა უნდა, მოძალადე პირველივე შეხვედრაზე არ იწყებს კონტროლსა და ძალადობას, რადგან ადამიანების უმეტესობა მას მეორედ აღარ შეხვდება. სწორედ ესაა საინტერესო, რომ მოძალადეების უმეტესობა ურთიერთობის დასაწყისში იდეალური პარტნიორის შთაბეჭდილებას ტოვებს: ის აღფრთოვანებულია შენით და მზადაა, მთელი ცხოვრება შენთან გაატაროს, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ეს-ესაა გაიცანით ერთმანეთი. ეს სწორედ ერთ-ერთი წითელი დროშაა. მოძალადე სწორედ ასე იწყებს პარტნიორთან ურთიერთობას, შემდეგ უკვე ურთიერთობაში კი ავლენს ძალადობის ნიშნებს. ეს ნიშნები შეიძლება იყოს:

  • გეუბნება, რომ შენ ვერასდროს ვერაფერს ვერ აკეთებ სწორად;
  • ძალიან ეჭვიანია და ამას ავლენს შენი მეგობრების, ნაცნობების, ოჯახის წევრების მიმართ და იმ დროის მიმართ, რასაც მათთან ატარებ;
  • ცდილობს, ხელი შეგიშალოს მეგობრების ან ოჯახის წევრების ნახვაში;
  • გაყენებს შეურაცხყოფას, გამცირებს;
  • აკონტოლებს ნებისმიერ თეთრს, რომელსაც ხარჯავ;
  • აკონტროლებს შენს ფინანსებს, არ გაძლევს საშუალებას, შენი ფული სურვილისამებრ დახარჯო;
  • გიყურებს ან იქცევა ისე, რომ მის მიმართ შიშის გრძნობა გიჩნდება;
  • აკონტროლებს, ვის ნახულობ, სად მიდიხარ, რას აკეთებ;
  • ხელს გიშლის გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • გეუბნება, რომ ცუდი მშობელი ხარ და გაშინებს, რომ ბავშვებს წაგართმევს;
  • ხელს გიშლის, ისწავლო ან იმუშაო;
  • ზიანს აყენებს შენს საკუთრებას ან გემუქრება. რომ მოკლავს შენს შინაურ ცხოველს;
  • გემუქრება დანით, იარაღით ან სხვა სახის საშიში ნივთებით;
  • გაიძულებს სექსუალურ აქტივობას, როდესაც შენ არ გინდა ან არ მოგწონს;
  • გაიძულებს, მოიხმარო ალკოჰოლი ან ნარკოტიკი.

ოჯახური/პარტნიორთა შორის ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, რეპროდუქციული, ფინანსური და ციფრული. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, თუ რომელი სახის ძალადობას რა სახის საქციელი ან ნიშნები ახასიათებს.

ფიზიკური ძალადობა:

  • თმის მოქაჩვა, სილის გაწნა, კბენა, დარტყმა, ცემა;
  • გიკრძალავს ჭამას ან დაძინებას;
  • გაყენებს ტკივილს სხვადასხვა ნივთების ან იარაღის გამოყენებით;
  • არ გაძლევს საშუალებას, დაურეკო პოლიციას ან სასწრაფოს;
  • ფიზიკურ ზიანს აყენებს ბავშვებს;
  • გტოვებს მარტო შეუფერებელ ადგილებში, მაგალითად, ღამით ტყეში, ქუჩაში, სადაც თავს დაუცველად გრძნობ, რათა შეგაშინოს ან „ჭკუა გასწავლოს“;
  • შენი შეშინების მიზნით, სწრაფად ან საშიშად მართავს მანქანას, როცა მასთან ერთად ხარ;
  • გაიძულებს, მოიხმარო ალკოჰოლი ან ნარკოტიკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ წარსულში პრობლემები გქონდა მათ მოხმარებასთან დაკავშირებით.

ემოციური/სიტყვიერი ძლადობა:

  • გეძახის დამამცირებელ სახელებს, შეურაცხყოფას გაყენებს და მუდმივად გამცირებს;
  • უარს ამბობს შენს ნდობაზე და მუდმივად ეჭვიანობს;
  • ცდილობს, ჩამოგაშოროს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ცდილობს, სხვებისგან იზოლირებული იყო;
  • აკონტროლებს, სად მიდიხარ, ვისთან ერთად, რას აკეთებ;
  • ითხოვს, იცოდეს, სად ხარ ყოველ წუთს, ნებისმიერ დროს;
  • გაიძულებს სახლში დარჩე, არ გაძლევს საშუალებას, დატოვო სახლი;
  • იყენებს იარაღს, რათა დაგაშინოს;
  • გემუქრება, რომ ზიანს მიაყენებს ბავშვებს ან შენი ოჯახის წევრებს;
  • ზიანს აყენებს შენს ნივთებს, მაგალითად, ამსხვრევს მათ;
  • ძალადობაში შენ გადანაშაულებს და გეუბნება, რომ მისი საქციელი შენი ბრალია და შენ გამოიწვიე;
  • გიქმნის ცრუ მოგონებებს, გაბრალებს კონკრეტულ ნათქვამს ან საქციელს. გამუდმებული ბრალდების დროს კი, ადამიანებს ექმნება ცრუ მოგონებები და ვერ იგებს, რელურად მოხდა ან თქვა თუ არა ის, რასაც მოძალადე აბრალებს;
  • გადანაშაულებს ღალატში და მუდმივად ეჭვიანობს შენს ნებისმიერ ურთიერთობაზე, სხვა ადამიანებზე, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე;
  • აკონტროლებს შენს გარეგნობას, რა გაცვია, როგორ მაკიაჟს ატარებ და ა.შ.;
  • გეუბნება, რომ გაგიმართლა, რადგან მასზე უკეთესს ვერასოდეს იპოვი.

სექსუალური ძალადობა და იძულება:

  • გაიძულებს, ჩაიცვა სექსუალურად შენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
  • გამცირებს, გეძახის სექსუალურად დამამცირებელ სიტყვებს;
  • გაიძულებს, მასთან სექსი გქონდეს;
  • ითხოვს სექსუალურ აქტივობას, როდესაც ავად ხარ, დაღლილი ან მას შემდეგ, რაც ზიანი მოგაყენა;
  • სექსის დროს სხვადასხვა ნივთებით ან იარაღით გაყენებს ზიანს;
  • სხვა ადამიანების სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
  • აიგნორებს შენს სურვილებს სექსთან მიმართებაში;
  • გაიძულებს პორნოგრაფიის ყურებას;
  • გამიზნულად ცდილობს, გადმოგდოს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია.

სექსუალური იძულება შეიძლება მოიცავდეს არმარტო ფიზიკურ, არამედ სიტყვიერ და სხვა სახის ძალადობას:

  • გაიძულებს, თავი იგრძნო, თითქოს ვალდებული ხარ, მასთან სექსი გქონდეს;
  • გაიძულებს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღებას, რათა სექსუალურ აქტივობაზე დაგითანხმოს;
  • გეუბნება, რომ ურთიერთობაში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს შენი მხრიდან სექსისთვის მზაობას;
  • აქვს ნეგატიური რეაქცია, თუ შენ უარს ამბობ;
  • უარის შემდეგაც განაგრძობს ზეწოლას;
  • გაიძულებს, გქონდეს შიშის გრძნობა, თუ უარს ეტყვი;
  • ცდილობს თავისი მოთხოვნების ნორმალიზებას „კაცი ვარ და მჭირდება“.

რეპროდუქციული იძულება

რეპორდუქციული იძულება არის ძალადობის ფორმა, როდესაც ერთი პარტრნიორი არ აძლევს მეორეს საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი რეპროდუქციული სისტემა. რთულია ამ სახის იძულების შემჩნევა, რადგან ძალადობის ამ ფორმას გამუდმებით ახლავს თან სხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები.

რეპროდუქციული ძალადობა შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგში:

  • პარტნიორი უარს გეუბნება კონდომის ან სხვა სახის კონტრაცეპტივის გამოყენებაზე;
  • კონდომის დაზიანება ან მოხსნა სექსუალური აქტის დროს;
  • იტყუება კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენების შესახებ (მაგალითად, თითქოს ჩატარებული აქვს ვაზაქტომია ან იყენებს აბებს);
  • უარს ამბობს შეწყვეტილი აქტის, როგორც კონტრაცეფციის მეთოდის, გამოყენებაზე, როცა ამაზე წინასწარ შეთანხმდით, სექსუალური აქტის დაწყებამდე;
  • გაიძულებს, არ გამოიყენო კონტრაცეფციის რომელიმე მეთოდი, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
  • ხელს გიშლის ფინანსურად, შეიძინო კონტრაცეფციის მეთოდები;
  • აკონტროლებს შენს მენსტრუალურ ციკლს;
  • გაიძულებს ორსულობას, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, როდის იყოლიო შვილი;
  • გაიძულებს აბორტის გაკეთებას ან პირიქით, ხელს გიშლის აბორტის სერვისის მიღებაში;
  • გემუქრება, რომ ზიანს მოგაყენებს, თუ არ დააკმაყოფილებ მის სურვილს ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით.

ფინანსური ძალადობა:

ფინანსური/ეკონომიკური ძალადობა არის კონტროლისა და იძულების ფორმა, რომელსაც მოძალადე ფინანსურ საკითხებში იყენებს:

  • მუდმივად აკონტროლებს, რაში ხარჯავ ფულს;
  • ათავსებს შენ ხელფასს ბანკში და უარს გეუბნება მის გამოტანაზე, ან გიზღუდავს მისი დახარჯვის შესაძლებლობას;
  • აკონტროლებს, რომ ხელი არ მიგიწვდებოდეს შენს ან საერთო საბანკო ანგარიშებზე;
  • გიკრძალავს, რომ იმუშაო ან გიზღუდავს სამუშაო საათებს;
  • გპარავს ფულს შენ, შენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს;
  • ხარჯავს საერთო ანაბრებს, შენთან შეუთანხმებლად;
  • ცხოვრობს შენთან ერთად, მაგრამ უარს ამბობს მუშაობაზე ან ხარჯების გადანაწილებაზე;
  • უარს ამბობს ფულის მოცემაზე, რათა დაფარო საერთო, საოჯახო ხარჯები.

ციფრული ძალადობა:

ციფრული ძალადობა გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას პარტნიორის დამცირების, თვალთვალის, მუქარის მიზნით. ციფრულ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხდება. ციფრულ ძალადობას აქვს ადგილი, თუ:

  • გეუბნება, ვის შეგიძლია ან არ შეგიძლია დაუმეგობრდე ფეისბუქზე;
  • გიგზავნის ნეგატიურ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან მუქარის შემცველ ონლაინ მესიჯებს;
  • გამცირებს თავის ონლაინ სტატუსებში;
  • გიგზავნის არასასურველ, გრაფიკულ ფოტოებს და მოითხოვს, შენც გაუგზავნო;
  • გაიძულებს, რომ გრაფიკული ვიდეოები გაუგზავნო;
  • იპარავს ან მოითხოვს, რომ უთხრა შენი პაროლები;
  • მუდმივად გწერს ტელეფონზე, შენ კი ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ვერ ახერხებ ტელეფონის გამორთვას, რადგან კონტაქტზე არგასვლის შემთხვევაში, გეშინია, რომ დაისჯები;
  • გიმოწმებს ტელეფონს;
  • იყენებს ციფრულ ტექონოლოგიებს, რათა გითვალთვალოს.

შენ არ იმსახურებ ამგვარ მოპყრობას ონლაინ თუ ოფლაინ, უფლება გაქვს, დაცულად იგრძნო თავი ნებისმიერ სივრცეში.

წყარო: www.thehotline.org