როგორ დავეხმარო თუ ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრი ძალადობის მსხვერპლია?

კატეგორია: ძალადობა

ფიქრობ, რომ ადამიანი, ვისზეც ზრუნავ და გიყვარს, შეიძლება ძალადობის მსხვერპლი იყოს? შეიძლება შენ უკვე ამჩნევდე ძალადობის ნიშნებს, როგორიცაა, მაგალითად:

  • მისი პარტნიორი ამცირებს მას სხვისი თანდასწრებით;
  • ის მუდმივად ნერვიულობს, რომ მისი პარტნიორი გაბრაზდება;
  • ის პოულობს გამართლებას თავისი პარტნიორის საქციელისთვის;
  • მისი პარტნიორი ძალიან ეჭვიანი და მესაკუთრეა;
  • მას აქვს ფიზიკური ძალადობის ნიშნები, დაზიანებები სხეულზე;
  • მან შეწყვიტა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება;
  • ის დეპრესიული და განერვიულებულია, ან შეენიშნება ხასიათის ცვლილებები;

თუ ადამიანი, რომელიც გიყვარს, ძალადობის მსხვერპლია, ძნელია, იცოდე, როგორ მოიქცე. შენი პირველი ინსტინქტია, „გადაარჩინო“ ეს ადამიანი, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ არის. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ რჩებიან ადამიანები ძალადობრივ ურთიერთობაში და თან ურთიერთობის დატოვება შეიძლება ძალიან საშიში იყოს მსხვერპლისთვის.

ძალადობა გულისხმობს კონტროლსა და ძალაუფლებას, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, დაეხმარო შენს მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, არის ის, რომ გააძლიერო ის, რათა მან თავად მიიღოს გადაწყვეტილება. დამატებით კი, შეგიძლია შემდეგი სახის დახმარება გაუწიო ადამიანს, ვინც ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფება:

  • გაიაზრე, რომ ეს ადამიანი ძალიან საშიშ და რთულ სიტუაციაშია. მზად იყავი, რომ მხარი დაუჭირო და მოუსმინო მას.

უთხარი მას, რომ ძალადობა მისი ბრალი არაა. ეცადე, დაარწმუნო,  რომ მარტო არაა და შესაძლებელია მისი დახმარება. მისთვის შეიძლება რთული იყოს ძალადობაზე საუბარი. დაარწმუნე, რომ შენ მზად ხარ, მოუსმინო და დაეხმარო, როცა ის თავად იქნება მზად. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეგულებოდეს ვინმე, ვინც მოუსმენს.

  • არ განსაჯო.

პატიცი ეცი შენი მეგობრისა თუ ოჯახის წევრის გადაწყვეტილებას, ბევრი მიზეზია, რის გამოც ის შეიძლება ძალადობრივ ურთიერთობაში რჩებოდეს. მან შეიძლება არაერთხელ დატოვოს, მაგრამ ისევ დაბრუნდეს ურთიერთობაში. ნუ გააკრტიკებ მის გადაწყვეტილებას და ნუ შეეცდები, დაადანაშაულო. მას შენი მხარდაჭერა ასეთ დროს ყველაზე მეტად დასჭირდება.

  • თუ მან დაასრულა ურთიერთობა, იყავი მისი მხარდამჭერი ამის შემდეგაც.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ძალადობრივი იყო, შენი მეგობარი შეიძლება მაინც მარტოდ და სევდიანად გრძნობდეს თავს, ამ პერიოდში მას განსაკუთრებით დასჭირდება შენი მხარდაჭერა.

  • ხელი შეუწყე, დრო გაატაროს მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში.

ძალადობის შემთხვევაში, მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება შეახსენებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ.

  • დაეხმარე, დაგეგმოს ურთიერთობის უსაფრთხოდ დასრულება

დაეხმარე, შეიმუშაოს გეგმა, რომელსაც ურთიერთობის დატოვებისას გამოიყენებს.

  • ხელი შეუწყე, დაელაპარაკოს ადამიანებს, რომლებსაც დახმარების შეთავაზება შეუძლიათ.

ეცადე, აუხნა მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, რომ არსებობს ორგანიზაციები, სადაც უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებს. უთხარი, რომ მზად ხარ, დაეხმარო, მათთან გავიდეს კონტაქტზე, მოიძიე ასეთი ორგანიზაციები მისთვის.

  • გახსოვდეს, რომ შენ ვერ „გადაარჩენ“ მას.

რაც არ უნდა ძნელი სანახავი იყოს საყვარელი ადამიანის ძალადობრივ ურთიერთობაში ყოფნის ნახვა, გახსოვდეს, რომ ის ერთადერთია, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მხარი დაუჭირე მას, რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ეცადე, მის გვერდით იყო, რათა დაეხმარო, იპოვოს გზა სიმშვიდისა და უსაფრთხოებისკენ.

დამატებით გახსოვდეს, რომ არასოდეს გაამჟღავნო შენი მეგობრის ან ოჯახის წევრის ადგილსამყოფელი ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორიცაა ფეისბუქი ან ტვიტერი. გახსოვდეს, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დატოვება ძალიან საშიშია, არ დაწერო ფეისბუქზე მათ შესახებ, სად ხარ მასთან ერთად და ა.შ.

წყარო: www.thehotline.org