რას უნდა ველოდო პირველი მენსტრუაციის დროს?

კატეგორია: ჩემი სხეული

ნორმალურია, რომ ღელავ პირველ მენსტრუაციაზე, რომელსაც პერიოდსაც უწოდებენ. იმის ცოდნა, რა არის ნორმალური, შეიძლება დაგეხმაროს მომზადებაში. ყველას სხეული განსხვავებულია, ამიტომ პერიოდებიც განსხვავდება.

როდის მექნება პირველი პერიოდი?

შეუძლებელია, იცოდე, ზუსტად როდის გექნება პირველი პერიოდი. ერთ დღეს საცვლებზე ან ზეწარზე სისხლს შეამჩნევ და მიხვდები, რომ დრო მოვიდა! შეიძლება გქონდეს პირველი ნიშნებიც (მოვლითი ტკივილი, მუცლის შებერილობა, გამონაყარი), თუმცა ყველას შემთხვევაში ასე არ ხდება.

ადამიანების უმეტესობას პირველი პერიოდი 12-15 წლის ასაკში აქვს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უფრო ადრე ან უფრო გვიან ეწყება. ეს შეიძლება იმ დროს დაგეწყოს, როცა შენს ახლობლებს, მაგალითად, დედას ან დას. თუ 16 წლამდე არ დაგეწყო პერიოდი, კარგი იქნება, თუ ექიმს ეჩვენები, რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა.

სრულებით ნორმალურია, რომ ღელავდე და გაინტერესებდეს, როდის გექნება პირველი პერიოდი, მაგრამ ამაზე ბევრი არ უნდა ინერვიულო. ყველას სხეული განსხვავდება და პერიოდიც ყველას სხვადასხვა დროს ეწყება. არასდროს არ იცი, შენი როდის გამოჩნდება, ამიტომ თან ატარე ტამპონები ან საფენები, რათა უფრო მომზადებული შეხვდე შენს პირველ პერიოდს.

როგორ უნდა გავიგო, პერიოდი დამეწყო თუ არა?

ზოგ ადამიანს აქვს ნიშნები, რომ პერიოდ ეწყებათ, მაგალითად, მუცლის შებერილობა, გამონაყარი, შესიებული მკერდი და ემოციურობა. ბევრს აქვს ტკივილი მუცელში, წელის არეში ან ფეხებში პერიოდის დაწყებამდე. ამ სიმპტომებს პმს-ს უწოდებენ. ყველას არ აქვს ეს ნიშნები, ხანდახან კი ნიშნები თვიდან თვემდე იცვლება. რაც უფრო იზრდები, მით უფრო ადვილად ხვდები, როდის გექნება პერიოდი.

ბევრი ადამიანი კალენდარში ან აპლიკაციაში ინიშნავს, როდის ჰქონდა პერიოდი. ეს დაგეხმარება, იცოდე, როდის გექნება შემდეგი პერიოდი. ასე გეცოდინება, იგვიანებს თუ ადრე მოგივიდა. სრულებით ნორმალურია, თუ პერიოდი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს არ მოდის, განსაკუთრებით, როცა მოზარდი ხარ.

ჩანთით ტამპონის ან საფენის ტარება დაგეხმარება, ყოველთვის მზად იყო, მიუხედავად იმისა, ადრე მოვა თუ გვიან. თუ პერიოდი დაგეწყო, მაგრამ თან არ გაქვს ტამპონი ან საფენი, შეგიძლია მშობელს, მეგობარს, მასწავლებენს ან სკოლის ექთანს სთხოვო (არ მოგერიდოს, თითქმის ყველა ჩვენგანს უთხოვია ტამპონი ან საფენი!). ზოგიერთ საპირფარეშოში, ავტომატებიც დგას, საიდანაც ტამპონის ან საფენის ყიდვა შეგიძლია. თუ სადმე ხარ გაჭედილი და თან არ გაქვს ტამპონი ან საფენი, შეგიძლია გამოიყენო ტუალეტის ქაღალდი, სუფთა წინდა ან ხელსახოცი.

თუ შემთხვევით ტანსაცმელი დაგილაქავდა, შეგიძლია წელზე სვიტერი შემოიხვიო ან ითხოვო სახლში წასვლა. შეგიძლია თან იქონიო მეორე წყვილი ტანსაცმელი. ეცადე, არ შეგრცხვეს. ყველას, ვისაც პერიოდი აქვს, დასვრია ტანსაცმელი ან საცვლები! ეს ხდება!

რა არის ნორმალური პერიოდი?

ნორმალური პერიოდი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. პერიოდი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ჩვეულებრივ, პერიოდი თვეში ერთხელ მოდის. თავდაპირველად შეიძლება რამდენიმე დღე გრძელდებოდეს ან გამონადენი ძალიან ცოტა იყოს.

ჩვეულებრივ სისხლდენა 2-7 დღე გრძელდება. შეიძლება გეგონოს, რომ ბევრი სისხლი მოდის, მაგრამ ადამიანების უმეტესობას მხოლოდ 1-6 სუფრის კოვზი სისხლი და ჩამონაშალი გამოეყოფა. პერიოდის სისხლი შეიძლება იყოს წითელი, ყაავისფერი ან ვარდისფერი. ნორმალურია, თუ ხანდანხან შედედებულია. თუ პერიოდი ისეთი ძლიერია, რომ საათში ერთხელ გიწევს მაქს-საფენების ან სუპერ ტამპონების გამოცვლა, დაელაპარაკე ექიმს.

პერიოდის დაწყებიდან რამდენიმე წელი შეიძლება თვის ერთსა და იმავე დროს არ მოვიდეს. შეიძლება მეტი ან ნაკლები სისხლი გქონდეს, შეიძლება პმს-ის სიმპტომებიც განსხვავდებოდეს თვიდან თვემდე. რაც უფრო იზრდები, პერიოდიც სულ უფრო რეგულარული ხდება და გაგიადვილდება იმის ცოდნა, რა არის შენი „ნორმალური“.

მართალია, არარეგულარული პერიოდი სრულებით ნორმალურია, მაგრამ გაცდენილი პერიოდი შეიძლება ორსულობის ნიშანი იყოს. თუ პენისით ვაგინალური სექსი გქონდა, რომლის დროსაც არ გამოგიყენებია თავდაცვის საშუალებები, გაიკეთე ორსულობის ტესტი.

წყარო: teenhealthsource.com