რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტოზური აბორტი?

კატეგორია: აბორტი

მედიკამენტოზური აბორტი საკომაოდ უსაფრთხო პროცედურაა, ხოლო სერიოზული პრობლემები – იშვიათია. მაგრამ, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც შეიძლება თან ახლდეს მცირე რისკები.

რა შესაძლო რისკები ახლავს თან მედიკამენტოზურ აბორტს?

მედიკამენტოზური აბორტი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, უსაფრთხოდ გამოიყენება ამერიკაში. მძიმე გართულებები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ – მაინც შესაძლებელი, თუ:

  • აბებმა არ იმუშავა და ორსულობა არ დასრულდა;
  • საშვილოსნოში ორსულობის შემდგომი ქსოვილი დარჩა;
  • საშვილოსნოში თრომბებია;
  • ჭარბი, ან ხანგრძლივი სისხლდენაა;
  • ინფექციაა;
  • ალერგიული რეაქციაა ერთ, ან ორივე აბზე.

ეს პრობლემები ხშირი არ არის და მაშინაც კი, თუ რომელიმე მათგანი განვითარდა, მათი მკურნალობა მარტივად შეიძლება.

თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთი გართულება სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. სასწრაფოდ დაუკავშირდი ექიმს, თუ:

  • მეორე აბის (მისოპროსტოლის) მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში არ დაგეწყო სისხლდენა;
  • გაქვს ძალიან ძლიერი სისხლდენა და გჭირდება საათში ორზე მეტი ჰიგიენური საფენის გამოცვლა ზედიზედ ორი, ან მეტი საათის განმავლობაში;
  • გაქვს დიდი ზომის (მაგალითად, ლიმონზე დიდი) თრომბული გამონადენი ორ საათზე მეტი დროის განმავლობაში;
  • გტკივა მუცელი, ან გაქვს სპაზმები და ტკივილგამაყუჩებლები არ გშველის;
  • 38 გრადუსი, ან უფრო მაღალი სიცხე გაქვს მისოპროსტოლის მიღებიდან 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში;
  • ხარ სუსტად, გული გერევა და/ან ფაღარათი გაქვს მისოპროსტოლის მიღებიდან 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში.

აბორტიდან ერთი დღის შემდეგ თავი უკეთესად უნდა იგრძნო. თუ მისოპროსტოლის მიღებიდან 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში თავს გრძნობ ცუდად, გაქვს გულისრევის შეგრძნება და/ან ფაღარათი, გტკივა მუცელი, ან გაქვს სიცხე, ეს შეიძლება ინფექციის ნიშნები იყოს. აუცილებლად დაუკავშირდი ექიმს ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთის ქონის შემთხვევაშიც კი. სერიოზულმა პრობლემებმა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ, როგორც წესი, აბორტი უსაფრთხო პროცედურაა და ხშირად ნაკლები რისკი აქვს ვიდრე ორსულობას, ან მშობიარობას.

თუ მედიკამენტოზური აბორტის დროს გართულებები გაქვს, აუცილებლად დაბრუნდი კლინიკაში და ექიმს გაესაუბრე. იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ ისევ ორსულად ხარ, ექიმი სხვა ვარიანტებს შემოგთავაზებს, მაგალითად წამლის ახალ დოზას, ან ქირურგიულ ჩარევას.

როგორც ნებისმიერი წამალი, მედიკამენტოზური აბორტის გამომწვევი წამლები ყველასთვის არ არის. მათი გამოყენება მიზანშეწონილი არაა კონკრეტული სამედიცინო ჩვენებების, ან კონკრეტული წამლების მოხმარების შემთხვევაში. ექიმი უნდა დაგეხმაროს იმის განსაზღვრაში სწორია თუ არა შენთვის ამ წამლების მიღება.

ექნება თუ არა მედიკამენტოზურ აბორტს გრძელვადიანი ეფექტი?

მედიკამენტოზური აბორტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და ხშირი პროცედურაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი გადის მსოფლიოში.

თუ რაიმე იშვიათმა და სერიოზულმა გართულებამ არ იჩინა თავი, რომლის მკურნალობაც ვერ მოხერხდა, მაშინ შენ მომავალ ორსულობებს, ან ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. აბორტი არ ზრდის ძუძუს კიბოთი დაავადების შანსებს და არც შენ მომავალ ფერტილობაზე აქვს გავლენა. ასევე არ იწვევს ახალშობილთა დეფექტებს, ადრეულ მშობიარობას, დაბალ წონას ჩვილებში, საშვილოსნოსგარე ორსულობას, მუცლის მოშლას, ან ჩვილთა გარდაცვალებას.

სერიოზული, გრძელვადიანი ემოციური პრობლემების რისკი ისევე იშვიათია, როგორც მშობიარობის შემდგომი პერიოდის დროს და უფრო ხშირია ადამიანებში, რომლებსაც:

  • ორსულობის დასრულება ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუხდათ,
  • არავინ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებაში,
  • მანამდეც ჰქონდათ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები.

ადამიანების უმეტესობა შვებას გრძნობს ამ პროცედურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ბევრი მითი არსებობს აბორტის შესახებ, რომლებზეც უფრო მეტი აქ შეგიძლია წაიკითხო.

წყარო: www.plannedparenthood.org