რამდენად ეფექტურია აპლიკაციები კონტრაცეფციად?

კატეგორია: კონტრაცეფცია

უფრო და უფრო იზრდება იმ ქალთა რიცხვი, რომლებიც აპლიკაციებს იყენებენ მენსტრუალური ციკლის საკონტროლებლად. უკვე ისეთი აპლიკაციაც კი არსებობს, რომელთაც კონტრაცეპტივის სტატუსი მიანიჭეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ახალი აპლიკაცია გამოჩნდა, რომლებიც ქალებს საკუთარი მენსტრუალური ციკლის კონტროლს უადვილებს, ეხმარება ჩასახვასა თუ ფეხმძიმობის თავიდან აცილებაში. დღეისთვის ბაზარზე ათასზე მეტი ასეთი აპლიკაცია არსებობს, რომლებსაც 200 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს გარშემო. წელს ევროპულმა სარეგულაციო სააგენტომ ერთ-ერთი მათგანი კონტრაცეფციის ფორმად აღიარა.

ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ქალების უმეტესობა უარს ამბობს კონტრაცეფციის ტრადიციულ, ჰორმონულ ფორმებზე, რადგან გვერდით შედეგებს ერიდებიან ან უბრალოდ ჩვენს კულტურაში გაიზარდა ინტერესი „ბუნებრივ“ ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი ექსპერტი დადებითად აფასებს ახალ აპლიკაციებს, იმდენად, რამდენადაც ეს ახალი ტექნოლოგიები ქალებს საკუთარი ფერტილობის კონტროლში ეხმარება. თუმცა სხვები თვლიან, რომ ეს კონტრაცეფციის მხოლოდ ძველი, უგარანტიო ფორმების მიბაძვაა – ახლა უკვე ციფრულ ფორმატში.

ამა წლის თებერვალში Natural Cycles პირველი აპლიკაცია გახდა, რომელიც ევროკავშირმა კონტრაცეფციად აღიარა. იგი შვედმა ფიზიკოსმა, ელინა ბერგლუნდმა შექმნა, რომელიც ჰიგსის ბოზონის ნაწილაკის აღმომჩენთა გუნდის წევრიც იყო. რახან არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შექმნა უნდოდა, ბერგლუნდმა ალგორითმი შექმნა, რომელიც სხეულის ტემპერატურასა და მენსტრუალური ციკლის შესახებ ინფორმაციას იყენებს ქალის ფერტილობის ფანჯრის გამოსაანგარიშებლად. Natural Cycles სპეციალური თერმომეტრის გამოყენებით მუშაობს, რომელიც იმდენად მგრძნობიარეა, რომ სხეულის ბაზალურ ტემპერატურაში (ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომელსაც სხეული, როგორც წესი, ძილის დროს აღწევს) ცვლილებებს ამჩნევს, რომელიც იზრდება ოვულაციის შემდეგ, ჰორმონ პროგესტერონის გამო. ნაყოფიერ დღეებში აპლიკაცია მომხმარებლებს წითელ შუქს უჩვენებს და აფრთხილებს, სექსისგან თავი შეიკავონ ან კონტრაცეფცია გამოიყენონ. თუ სინათლე მწვანეა, თეორიულად შესაძლებელია დაუცველი სექსის ქონა არასასურველი ფეხმძიმობის გარეშე.

„ქალებს მთელი მსოფლიოს გარშემო აინტერესებთ არაჰორმონული და არაინვაზიური კონტრაცეფციის ფორმები. ახლა კი აქვთ საშუალება, აირჩიონ ახალი, კლინიკურად დამტკიცებული და აღიარებული საშუალება,“ – განუცხადა ბერგლუნდმა პრესას.

საცდელმა ექსპერიმენტმა, რომელშიც 4 ათასი ქალი იღებდა მონაწილეობას, აჩვენა, რომ Natural Cycles-ის მომხმარებელთა 7% დაორსულდა ე.წ. „ტიპური მოხმარების“ შედეგად, რაც გულისხმობს მომხმარებელთა მიერ დაშვებულ მცირე შეცდომებს. ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება მაშინაც, როდესაც მომხმარებელი შეცდომას უშვებს ჩასახვის საწინაღმდეგო აბების ან ჰორმონული პლასტერებისა და ინექციების გამოყენებისას. თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრად ჩამოუვარდება კონდომების (პრეზერვატივების) მოხმარებისას დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რაც 18%-ია. სხვა აპლიკაციებს ჯერჯერობით არ გაუვლიათ კლინიკური შემოწმება და არ უცდიათ კონტრაცეპტივის ოფიციალური სტატუსის მიღება, შესაბამისად, ძნელია მათი Natural Cycles-თან შედარება.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც მენსტრუაციის მაკონტროლებელი აპლიკაციები პოპულარობას იხვეჭს, ხოლო ბაზრის კვლევის შედეგებით ჩანს, რომ სულ მალე ისინი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება. Flo-ს ალგორითმი იმ ინფორმაციას იმახსოვრებს, რომელიც ქალებს შეჰყავთ აპლიკაციაში და მათი მეშვეობით იძლევა მომავალი მენსტრუაციის პროგნოზს; Period Tracker კი ინტერაქტიული კალენდარია, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს,შეყვანილი ინფორმაცია ელ-ფოსტის სახით გაუგზავნოს საკუთარ ექიმს. Clue მენსტრუალური ციკლის თარიღებს იმახსოვრებს, რის შემდეგაც მომავალი ციკლის პროგნოზირება შეუძლია, თუმცა ამის გარდა მას სხვა ველებიც აქვს განწყობის, ტკივილებისა და სხვა სახის ინფორმაციის დასაფიქსირებლად. მაგრამ თითოეული ეს აპი ჯამში მხოლოდ ციფრული ვერსიაა იმ ჩვეულებრივი კალენდრის, რომელიც ადრე ყველა ქალს ჰქონდა.

ბევრი ასეთი აპლიკაცია ქალებს ნაყოფიერების ფანჯრის (5 ან 6-დღიანი პერიოდი ოვულაციამდე, ოვულაციის დროს და მის შემდეგ) წინასწარმეტყველებას სთავაზობს, რომელიც ერთადერთი პერიოდია თვის განმავლობაში, როდესაც ქალს დაორსულება შეუძლია. ზოგიერთი სხვა აპი კი პირდაპირ გვპირდება, რომ დაორსულებაში დაგვეხმარება. Glow-ს ვებ-გვერდი სავსეა მომხმარებელთა წარმატების ისტორიებით, რომლებსაც თან ახლავს ადამიანების სახედაფარული ფოტოები, რომლებსაც ორხაზიანი ორსულობის ტესტი უჭირავთ.

თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ ამ აპლიკაციების დიდი ნაწილი ხშირად ცდება. ჟურნალ Obstetrics & Gynecology-ის კვლევაში, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, 53 აპლიკაცია და ვებ-გვერდი გადამოწმდა, რომელიც მომხმარებლებს მენსტრუალური ციკლისა და ფერტილობის ფანჯრის პროგნოზს პირდებოდა. ამ 53-დან მხოლოდ 4-მა გამოიანგარიშა ფერტილობის ფანჯარა წარმატებით. ზოგიერთი მათგანი 12-დღიან ფანჯარას აჩვენებდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე რეალური ფერტილობის პერიოდი; სხვები კი მხოლოდ 4-დღიან ფანჯარას წინასწარმეტყველებდნენ, მაშინ, როდესაც სპერმა 5 დღის განმავლობაშია სიცოცხლისუნარიანი ქალის რეპროდუქციულ სისტემაში. მხოლოდ რამდენიმე აპლიკაციამ შეძლო ოვულაციის ზუსტი დროის გამოანგარიშება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან სწორედ ამ დღეს ან ოვულაციამდე ერთი დღით ადრეა ჩასახვის ყველაზე დიდი შანსი.

მიუხედავად იმისა, რომ Glow-ს მსგავსი აპლიკაციები ქალებს წარმატებული განაყოფიერების მაღალ პროცენტულ შანსს პირდებიან, მონაცემები მაინც ბუნდოვანია  ჩასახვა იმიტომ მოხდა, რომ აპლიკაციაა კარგი, თუ იმ ქალებს, რომლებიც მსგავს აპლიკაციებს იყენებენ, დაორსულების მეტი ალბათობა აქვთ მაღალი მოტივაციის გამო, რომლის შედეგადაც უფრო ხშირად აქვთ სექსი და უფრო ყურადღებით აკონტროლებენ საკუთარი ფერტილობის ნიშნებს?

ბევრისთვის რისკი უფრო მაღალია, როდესაც ფეხმძიმობის თავიდან აცილება სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აპლიკაციები დაორსულებაში დახმარებას გვპირდებიან, Natural Cycles-ამდე არცერთ მათგანს არ მოუპოვებია კონტრაცეფციის მეთოდის ოფიციალური სტატუსი. ამ უკანასკნელს ამჟამად 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ყავს, რომლებიც თვეში 10 დოლარს, ზოგი კი წელიწადში 80 დოლარს იხდის. აპლიკაციას ოფიციალური სტატუსი ჯერ მხოლოდ ევროპაში აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია მთელი მსოფლიოს გარშემო.

მერი ჯეინ მინკინი, იეილის მედიცინის სკოლის პროფესორი და პრაქტიკოსი მეანობის, გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მეცნიერებების განხრით, ამბობს, რომ განაყოფიერების აპლიკაციების პოპულარობა ორი-სამი წლის წინ შეამჩნია. იგი განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ და ურჩევს, რომ მხოლოდ აპს არ ენდონ და სხვა სახის კონტრაცეფციებიც გამოიყენონ.

„ფაქტობრივად, აქ ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდებზეა საუბარი,“ – განაცხადა მან.

„პრობლემა იმაშია, რომ სხეულის ბაზალური ტემპერატურა ცნობილია თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით,“ – ამბობს მინკინი. ტემპერატურა დილას ადრე უნდა გაიზომო, საწოლიდან ადგომამდე და მანამდე, სანამ ტუალეტში შეხვალ. ავადმყოფობა, ნაბახუსევი და ცუდი ძილიც თავისებურად მოქმედებს შედეგზე. დაბოლოს, ზოგ ქალს იმდენად არარეგულარული ციკლი აქვს, რომ თარიღების წინასწარ გამოანგარიშება კიდევ უფრო რთულდება.

მინკინი თვლის, რომ Natural Cycles-ის მსგავსი აპლიკაციები იმ წყვილებისთვის უფროა, რომლებიც მომავალში ბავშვის ჩასახვას გეგმავენ და ვისთვისაც შესაძლო ორსულობა არასასურველი არ იქნება (ამ აზრს Natural Cycle-ის შემქმნელებიც იზიარებენ). ხოლო იმ ქალებს, რომლებსაც სასტიკად არ სურთ დაორსულება, მაგრამ ამავე დროს ჰორმონულ კონტრაცეფციებსაც ერიდებიან, მინკინი ბევრად უფრო ძველ გამოსავალს – სპილენძის სპირალს (IUD) – სთავაზობს. ესაა მცირე ზომის, T-ს ფორმის პლასტმასი, რომელსაც სპილენძი აქვს შემოხვეული. იგი საშვილოსნოში თავსდება და ხელს უშლის სპერმასა და კვერცხუჯრედს განაყოფიერებაში. რამდენიმე წლის წინ, ასეთი სპირალის ჩადგმას მხოლოდ ნამშობიარებ ქალებს ურჩევდნენ, მაგრამ ამჟამად ეს შეზღუდვა აღარ არსებობს, აღნიშნავს მინკინი. ერთ სპირალს 10 წლის განმავლობაში შეუძლია დაგიცვას არასასურველი ფეხმძიმობისგან.

„ზედმეტი ფიქრი არ სჭირდება და კონტრაცეფციის საკმაოდ საიმედო მეთოდია,“ – აღნიშნავს იგი.

„ტექნოლოგიური წინსვლის წყალობით, ოჯახის დაგეგმვის სანდო, ბუნებრივ მეთოდებს დიდი პოტენციალი აქვთ,“ – ამატებს მინკინი. არსებობს სპეციალური ქაღალდის ზოლები, რომლებიც ოვულაციის პროგნოზისთვის გამოიყენება; ისინი შარდით ამოწმებენ ორგანიზმში ოვულაციის დროს დამახასიათებელი ჰორმონების არსებობას და ამგვარად ამცნობენ ქალებს ფერტილობის პერიოდს. ამ ტესტის შედეგები, თეორიულად, ციკლის მაკონტროლებელ ალგორითმთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ და მომავალში კიდევ უფრო სანდო აპლიკაციების შექმნის საშუალება გვექნება.

წყარო: www.smithsonianmag.com

თარგმანი: სოფი ბერია