რა არის აივ ინფექცია და შიდსი?

კატეგორია: სგგი

რა არის აივ ინფექცია?

აივ ინფექცია არის ვირუსი, რომელიც ეტაპობრივად თავს ესხმის ადამიანის იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემა არის ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა დაავადებების წინააღმდეგ. თუ ადამიანი აივ ინფექციით დაინფიცირდება, მას სულ უფრო უჭირს ინფექციებსა და დაავადებებთან გამკლავება. ეს ვირუსი ანადგურებს თეთრ სისხლუჯრედებს და მათში საკუთარ ასლებს ქმნის. თეთრ სისხლუჯრედებს ხშირად CD4 უჯრედებსაც უწოდებენ.

აივ ინფექციის ბევრი სახეობა არსებობს – დაინფიცირებული ადამიანი შეიძლება ორგანიზმით ბევრ სახეობას ატარებდეს. ეს სახეობები იყოფა ტიპებად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა ქვეჯგუფებად და ქვეტიპებად. ორი ძირითადი ტიპია:

  • აივ ინფექცია 1: ყველაზე გავრცელებული ფორმა მსოფლიოში;
  • აივ ინფექცია 2: ძირითადად დასავლეთ აფრიკაში, რიგ შემთხვევებში, ინდოეთსა და ევროპაში.

ძირითადი ფაქტები აივ ინფექციის შესახებ

  • აივ ინფექცია ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტურ ვირუსს;
  • არმკურნალობის შემთხვევაში, 10-15 წელიწადში შეიძლება განვითარდეს შიდსი, მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია სერიოზულად დააზიანებს სხეულს;
  • ადრეული დიაგნოსტიკითა და ეფექტური ანტირეტროვირუსული მკურნალობით აივ დადებითი ადამიანები ცხოვრობენ ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრებით;
  • აივ ინფექცია შეიძლება იყოს აივ დადებითი ადამიანის სპერმაში, სისხლში, ვაგინალურ და ანალურ გამონადენსა და ქალის რძეში;
  • აივ ინფექცია არ გადადის ოფლით, ნერწყვით ან შარდით;
  • დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის თანახმად, აივ ინფექციით დაინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზაა ვაგინალური და ანალური სექსი;
  • აივ ინფექციის რისკი არსებობს, თუ დაინფიცირებულ ნემსს, შპრიცს ან წამლის მიღების სხვა საშუალებებს (სისხლის გადასხმა) გამოიყენებთ. ვირუსი შეიძლება გადაეცეს შვილს დედისგან ფეხმძიმობისას, მშობიარობისას ან ძუძუთი კვებისას.

რა არის შიდსი?

შიდსი არის აივ ინფექციით გამოწვეული სინდრომი. შიდსის დროს ადამიანის იმუნურ სისტემას აღარ შეუძლია ბევრ ინფექციასთან გამკლავება. ის ვითარდება, როდესაც აივ ინფექცია უკვე ძალიან განვითარებულია. ეს არის აივ ინფექციის უკანასკნელი სტადია, როდესაც ორგანიზმს აღარ შეუძლია თავის დაცვა და შეიძლება დაემართოს უამრავი დაავადება, ინფექცია. მკურნალობის გარეშე, შეიძლება ადამიანი მოკვდეს.

დღეს აივ ინფექციის ან შიდსის განკურნება არ ხდება. თუმცა სწორი მკურნალობითა და დახმარებით, აივ დადებითი ადამიანები დიდი ხანი ცოცხლობენ. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის ჩატარება და შესაძლო გვერდით ეფექტებთან გამკლავება.

ძირითადი ფაქტები შიდსის შესახებ

  • შიდსი არის შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი;
  • შიდსს, ასევე, უწოდებენ განვითარებულ ან ბოლო სტადიის აივ ინფექციას;
  • შიდსით დაავადებულ ადამიანს შეიძლება დაემართოს მთელი რიგი სხვა დაავადებები, მათ შორის: პნევმონია, კანდიდოზური სტომატიტი, სოკოვანი ინფექციები, ტუბერკულოზი, ტოქსოპლაზმოზი და ციტომეგალოვირუსი;
  • არსებობს სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადებების განვითარების რისკიც, მათ შორის სიმსივნისა და ტვინის დაავადებების;
  • CD4-ის რაოდენობა გულისხმობს კუბურ მილიმეტრ სისხლში თეთრი სისხლუჯრედების რაოდენობას. როდესაც ადამიანის CD4 რაოდენობა ერთ მილილიტრ სისხლში 200 უჯრედზე ნაკლებია, ითვლება, რომ ადამიანს აქვს შიდსი.
წყარო: teenhealthsource.com