მზად ვარ სექსისთვის?

კატეგორია: სექსი

არ აქვს მნიშვნელობა, ოდესმე გქონია თუ არა სექსი, ყოველთვის მისაღებია შენ თავს დაუსვა კითხვა: ვარ თუ არა მზად სექსისთვის? არ არსებობს მზა წესები, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომლის ცოდნაც დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

როგორ მეცოდინება რომ სექსისთვის მზად ვარ?

გადაწყვეტილების მიღება, როდის გქონდეს სექსუალური გამოცდილება, ძალიან პირადული და ინტიმური საკითხია. ამაზე დადებითი განცდები უნდა გქონდეს როგორც შენ, ისე შენს პარტნიორსაც და ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება მზაობის შესახებ, სწორედ ესაა თანხმობა სექსუალურ კონტექსტში.

დაიმახსოვრე, რომ თანხმობა სექსუალურ კონტექსტში ხდება ყოველი სექსის დროს. ის, რომ რამდენიმე საათის, დღის, კვირის, თვის წინ დადებითად იყავი განწყობილი კონკრეტულ ადამიანთან სექსუალური აქტივობის შესახებ, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ახლაც თანახმა ხარ. იცოდე, როგორ გრძნობს შენი პარტნიორი თავს იმ მომენტში და უთხარი შენი აზრიც.

თანხმობა ეხება ყველანაირ სექსუალურ აქტივობას და არა მხოლოდ სექსუალურ აქტს. თუ გადაწყვეტ ადამიანთან ინტიმურ სიახლოვეს, იცოდე, რომ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ეტაპზე გაქვს უფლება, უარი თქვა, გაჩერდე, გადაიფიქრო ან ის აქტივობა აღარ გააკეთო.

რა შეიძლება იყოს არასწორი მიზეზები, დაკავდე სექსუალური აქტივობით?

  • ასიამოვნო შენ პარტნიორს

როცა შენ თავად არ გსურს სექსუალური აქტივობა; ამ კატეგორიას ეკუთვის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პარტნიორი ცდილობს შენს დარწმუნებას, გქონდეს სექსუალური აქტივობა. თუ რომელიმე ეს ფრაზა შენთვის ნაცნობია, მაშინ დაფიქრდი, ვისი გადაწყვეტილებაა ეს, შენი თუ შენი პარტნიორის?

„გააკეთებდი, რომ გიყვარდე“, „ყველა აკეთებს ამას“, „ეს ჩვენს ურთიერთობას უფრო გააძლიერებს“ , „ოდესმე მაინც გააკეთებ და რატომ არა ახლა და ჩემთან?“, „ფრთხილად ვიქნები და მართლა კარგი იქნება“

  • გინდა, ზრდასრულად გამოიყურებოდე

თუ შენი პარტნიორი შენზე ასაკით დიდია და გინდა სექსუალურ აქტივობის დაწყება მხოლოდ იმიტომ, რომ შენც ზრდასრულად გამოიყურებოდე, უნდა გახსოვდეს, რომ არც ეს მიზეზი გამოდგება. თუ შენი პარტნიორი ასაკით შენზე დიდია, მას მეტად უნდა ესმოდეს, რომ დაიცადოს იქამდე, სანამ თავად არ იქნები.

  • ფიქრობ, ვალდებული ხარ, ასე მოიქცე

ხშირად გესმის მეგობრებისგან, როგორ ლაპარაკობენ სექსუალურ აქტივობებზე, რომელიც თავად გამოუცდიათ და ამაყობენ იმით, რომ ამ საკითხზე ბევრი იციან. მიუხედავად იმისა, სიმართლეა თუ არა მათი გამოცდილება, თუ შენ მზად არ ხარ სექსუალური აქტივობისთვის, არ უნდა გრცხვენოდეს, მეგობრებს აუხსნა, რომ ჯერ დაცდა ამჯობინე.

სექსუალური აქტივობის მიმართ ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. შენი დამოკიდებულება შეიძლება განსხვავდებოდეს შენი ოჯახის, მეგობრების აზრისგან. მიუხედავად იმისა, რომ გარემომ, ოჯახმა, მეგობრებმა, რწმენამ შეიძლება იმოქმედოს შენს აზრსა და გადაწყვეტილებაზე, აუცილებელია, გახსოვდეს, რომ ეს შენი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შენ და შენს პარტნიორს შეგიძლიათ ამაზე შეთანხმება. დარწმუნდი, რომ შენს პარტნიორს ესმის შენი დამოკიდებულება და აზრი სექსუალური აქტივობის შესახებ.

როგორ მოვემზადო, რომ დაცული ვიყო?

თუ გადაწყვეტ, რომ მზად ხარ სექსუალური აქტივობისთვის, აუცილებელია, გქონდეს ინფორმაცია უსაფრთხო სექსის შესახებ. გახსოვდეს, არ აქვს მნიშვნელობა სექსუალური გამოცდილება პირველია თუ არა, კონტრაცეფცია ყოველთვის გჭირდება. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან წინასწარ განიხილავ კონტრაცეფციის მეთოდს. კონტრაცეფციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია კონდომი. იგი ხელმისაწვდომია აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ბევრ ორგანიზაციაში შეგიძლია უფასოდაც მიიღო. კონდომი დაგიცავს როგორც არასასურველი ორსულობისგან, ისე სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან. თუ შენთვის სექსუალური გამოცდილება პირველია და შენი პარტნიორი უარს ამბობს კონდომის გამოყენებაზე, გახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა, გაიგო, აქვს თუ არა შენს პარტნიორს სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, არის ამ ინფექციებზე ანალიზის გაკეთება.

თუ შენი პარტნიორი ამბობს, რომ კონდომი ამცირებს სიამოვნების შეგრძნებას, გახსოვდეს, რომ კონდომის უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც განსხვავდება სტრუქტურით, სუნით, სისქით. ამიტომ სცადეთ რამდენიმე, სანამ არ აღმოაჩენთ ორივესთვის შესაფერისს. სიამოვნებაზე ზრუნვასთან ერთად, აუცილებელია, შენმა პარტნიორმა ჯანმრთელობაზეც იფიქროს.

წყარო: teenhealthsource.com