ინტერსექციული ანალიზი

კატეგორია: სოგი

დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანის იდენტობა ერთ მთლიან, სტაბილურ და გამჭვირვალე ცნებად აღიქმებოდა, რომელიც ყველანაირი გამოცდილებისგან დამოუკიდებლად, იზოლირებულად არსებობდა. ამ მიდგომას იდენტობის ესენციალური გაგება ეწოდება და გულისხმობს, რომ სელფი უცვლელია.

ფერადკანიანი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად სწორედ იდენტობის ესენციალური გაგების რეკონსტუქცია ითვლება.

ინტერსექციულობა, ან ინტერსექციალიზმი, თავისი არსით, ჩრდილოეთ ამერიკის ფემინისტური მოძრაობის ნაყოფია; ამერიკულმა ქალთა მოძრაობამ ეს საკითხი 60-იანი წლების მიწურულსა და 70-იანების დასაწყისში მკაცრად დააყენა. ცნება ახსნილია, როგორც „ანალიზი, რომლის მიხედვითაც რასა, სოციალური კლასი, გენდერი, სექსუალობა, ეთნიკურობა, ეროვნება და ასაკი თანადროულ გავლენას ახდენს სოციალური ორგანიზმის ჩამოყალიბებაში, რომელიც, თავის მხრივ, აყალიბებს ფერადკანიანი ქალების გამოცდილებას და თავისთავად – მათ იდენტობასაც.“ საქმე იმაშია, რომ ის საფარი, რომლის ქვეშაც მეორე ტალღის ფემინისტი ქალები ერთიანდებოდნენ, იყო პატრიარქატის შეზღუდვები და დიდი ხანი არ დასჭირვებია იმის გააზრებას, რომ ჩაგვრის გამოცდილება, რომელზეც ქალთა მოძრაობის ლიდერები საუბრობდნენ – თეთრკანიანი, საშუალო კლასის წარმომადგენლები – არ ასახავდა იმ შევიწროებას, რომელსაც ფერადკანიანი ქალები განიცდიდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის ქალებმა, სხვა და სხვა ეთნიკური, კულტურული თუ ეკონომიკური წარმომავლობის მქონე ქლებმა, გააერთიანეს თავიანთი ხმები და შეუერთდნენ ფერადკანიან ფემინისტებს იმისთვის, რომ ყველას ერთად დაედასტურებინა – მათი პრობლემები და საზოგადოებრივი წნეხი არ იყო ასახული თეთრკანიანი ქალების ნარატივში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტერსექციულობა არის იარაღი ანალიზისთვის, ადვოკატირებისთვის და პოლიტიკური მმართველობის განვითარებისთვის, რომელიც აღიარებს დისკრიმინაციის მრავალ შრეს და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გავლენას ახდენენ განსხვავებული იდენტობები ჩვენს ხელმისაწვდომობაზე უფლებებისა და შესაძლებლობების კუთხით. ინტერსექციულობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „დისკრიმინაციის მრავლობითი ფორმა, რომელიც ხდება თანდროულად და აყალიბებს ჩვენს პირად, ინდივიდუალურ იდენტობებს.“ ინტერსექციალიზმი არის ფემინისტური თეორია, მეთოდოლოგია კვლევისთვის და ტრამპლინი სოციალური სამართლის გასაუმჯობესებლად. იგი იწყება იმ დებულებით, რომ ადამიანები მრავალშრიანი იდენტობებით ცხოვრებენ, რომლებიც სათავეს იღებენ სოციალური ურთიერთობებისგან, ისტორიისგან და ძალაუფლების ცვალებადი სტრუქტურისგან. ადამიანები ერთდროულად სხვა და სხვა საზოგადოების წევრები არიან, და შესაძლოა ერთდროულად განიცდიდნენ ზეწოლასაც და პრივილეგიასაც (მაგ: ქალი შეიძლება დაფასებული ექიმი იყოს, თუმცა განიცდიდეს ოჯახში ძალადობას).

თუმცა, ინტერსექციული ანალიზი იმასაც გვეუბნება, რომ განსხვავებულ იდენტობათა შეკრებით არამც და არამც არ იზრდება იდენტობის „ტვირთი“ საზოგადოებაში, არამედ მისი გამოცდილება ხდება სხვებისგან განსხვავებული. ინტერსექციული ანალიზის მიზანი იმის ჩვენება არაა, თითქოს ერთი რომელიმე ჯგუფი სხვაზე უფრო პრივილეგირებულია, არამედ იმის ხაზგასმაა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსებები და განსხვავებები, და იმისთვის, რომ ყველამ თანაბრად გამოიყენოს თავისი უფლებები, აუცილებელია ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა. მისი უმთავრესი მიზანია გამოააშკარავოს იდენტობის მრავალი შრე და უფრო ცხადი გახადოს დისკრიმინაციისა და დისკრედიტაციის მრავალი სახე, რომელიც იდენტობათა კომბინაციით შეიძლება წარმოიქმნას. იგი გვაჩვენებს, თუ როგორ ქმნის რასიზმი, პატრიარქატი, კლასობრივი უთანასწორობა და სხვა დისკრიმინაციის სისტემები წნეხს, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ ქალების ადგილს საზოგადოებაში. ეს მეთოდი ითვალისწინებს ისტორიას, სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს და ამავდროულად მხვედველობაში აქვს უნიკლური ინდივიდუალური გამოცდილებები, რომლებიც სხვა და სხვა სახის იდენტობის ერთად შერევით შეიძლება წარმოიშვას.

კონცეფცია პირველად კიმბერლი კრენშოუმ წამოწია, რომელიც შემდეგ გენდერული თანასწორობის ძირითად დისკურსში პატრიცია ჰილ კოლინსმა დაამკვიდრა. ამ ახალი თეორიის მიხედვით, „ყველა კულტურაში შეიძლება ადამიანმა მრავლობითად და არაკონსისტენტურად გამოხატოს თავი, ეს კი თავის მხრივ კონტექსტზეა დამოკიდებული და მუდმივად იცვლება“. მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალს სხვა გამოცდილება ექნება, ვიდრე თბილისელ, უმაღლეს-დამთავრებულ ქალს; და ამის მსგავად – ლესბოსელობა, ასაკი, შეზღუდული შსაძლებლობა, სიღარიბე და კიდევ სხვა ბევრი მარკერი, ქმნის უნიკალურ, ინდივიდუალურად განსხვავებულ გამოცდილებებსა და თვითგამოხატვის შესაძლებლობებს.

რასა, გენდერი, სოციალური კლასი და სხვა მსგავსი კატეგორიები გზებია, რომლებიც განსაზღვრავენ პიროვნების სოციალურ, ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ძალას, ან ჩაგვრას. ორი, ან მეტი ასეთი იდენტობის გადაკვეთისას კი რთული გზაჯვარედინები წარმოიქმნება, რომელთა სხვა და სხვა კუთხეში სხვა და სხვა მიზეზით მარგინალიზებულ ჯგუფებს ვაწყდებით; აქედან გამომდინარე, გენდერი არის მხოლოდ ერთი (თუმცა მნიშვნელოვანი) ნაწილი იმ განტოლებისა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჩართულობასა და გაძლიერებაზე. ამ განტოლების თითოეული მარკერის დასახელება, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაძლიერებისა და მრავლობითი ბარიერის გადალახვის პროცესში, ვინაიდან ეს გვეხმარება გავაცნობიეროთ და გავიგოთ ის პოზიტიური თუ ნეგატიური გავლენა, რომელიც მრავალი იდენტობის თანმდევია, და რომლებიც განსაზღვრავენ ინდივიდის შესაძლებლობას თანაბარი მონაწილეობა მიიღონ სოციალური დისკურსის ყველა დონეზე.

ინტერსექციულობა სექსუალური ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების ჩარჩოში

ცხადია, რომ რასისტული ან ეთნიკური დისკრიმინაცია ქალებსა და კაცებზე ერთნაირ გავლენას არ ახდენს, ისევე, როგორც გენდერულ ჩაგვრას აქვს განსხვავებული შედეგები თერთკანიან და ფერადკანიან ქალებზე, როგორც საჯარო, ასევე პირად ცხოვრებაში. თავიანთი განსხვავებული იდენტობების შედეგად, ზოგი ქალი უკიდურესად მარგინალიზებულია და დაგანიცდის მნიშვნელოვან შევიწროებას საზოგადოების მხრიდან, მაშინ, როდესაც სხვები ბევრად უფრო პრივილეგირებულ პოზიციაში იმყოფებიან. იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე მატულობს, უმცირესობის წარმომადგენელი ქალები მაინც უჩინრები არიან ოფიციალური კანონების დონეზე, რომლებიც, ძირითადად, ცალ-ცალკე ებრძვიან გენდერულ და რასობრივ ჩაგვრას, რაც უმცირესობის წარმომადგენლებს კიდევ უფრო მოწყვლადებს ხდის დისკრიმინაციის წინაშე.

მაგალითად, რომა ხალხის იძულებითი სტერილიზაცია თავის დროზე აღქმული იქნა, როგორც ეთნიკური დისკრიმინაცია და არა გენდერული, მაშინ, როდესაც ამ საკითხს უფრო ჰოლისტურად შეგვიძლია მივუდგეთ და განვიხილოთ, როგორც დისკრიმინაცია კონკრეტული მარგინალიზებული საზოგადოების წევრი ქალების მიმართ.

ქალებმა შეიძლება ორმაგი დისკრიმინაცია განიცადონ – როგორც ჯგუფის შიგნით, ისევე გარეთ. ამ უკანასკნელის მაგალითად მიგრანტი ქალები შეგვიძლია გავიხსენოთ, და მათი მოწყვლადობა საზოგადოების წევრების უმეტესობასთან შედარებით: იაფი და არაორგანიზებული სამუშაო პირობები მასპინძელ ქვეყანაში, განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, საზოგადოებისგან გამორიყვა, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ტრეფიკინგი – ეს ჩაგვრის მხოლოდ მცირე მაგალითებია. მეორე მხრივ, შიდა ჯგუფური დისკრიმინაცია უშუალოდ უმცირესობის თემის ფარგლებში ხორციელდება. ამის მაგალითებია საფრთხის შემცველი კულტურული ტრადიციები: ძალით გათხოვება, ქალთა წინადაცვეთა, ღირსების მკვლელობები და სხვა.

თვითონ ის ფაქტი, რომ (რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ) ჯგუფი უმცირესობას წარმოადგენს სხვა და სხვა ქვეყანაში და დისკრიმინაციას განიცდის უმრავლესობის მიერ, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ თავად ამ უმცირესობის ჯგუფშიც არ ხორციელდება დისკრიმინაცია სხვა არსებული მცირე ჯგუფების წინააღმდეგ, როგორებიც არიან შშმ პირები, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები, ქალები და სხვა.

ყოველივე ეს ნათელს ხდის, რომ ინტერსექციული ანალიზი ძლიერი მეთოდია იმ სხვა და სხვა სახის დისკრიმინაციის დასანახად, რომლებსაც მარგინალიზებული ქალები განიცდიან. ქალთა უფლებების კუთხით, ინტერსექციულობა ეფექტური ინსტრუმენტია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რომელიც მთავრობებს იმ გამოცდილებების ადეკვატურ სურათს უხატავს, რომლებსაც უმცირესობის წარმომადგენელი ქალები აწყდებიან თავიანთ საზოგადოებაში. ინტერსექციული ანალიზი გვეხმარება ვიზუალიზაცია მოვახდინოთ იმისა, თუ სად იკვეთება სხვა და სხვა სახის დისკრიმინაცია. მეტიც, ის გვეხმარება რომ გავიგოთ და გარდავქმნათ ეს გადამკვეთი იდენტობები შესაძლებლობებად და უფლებებთან ხელმისაწვდომობად, და აშკარად დავინახოთ, რომ გავლენა, რომელსაც პოლიტიკა, პროგრამები, სერვისები და კანონები ჩვენი ცხოვრების ერთ ასპექტზე ახდენენ, მჭიდროდ უკავშირდებიან ჩვენი ცხოვრების სხვა ნაწილებსაც.

თარგმანი: სოფი ბერია