დაუცველი სექსი და აივ ინფექცია

კატეგორია: სგგი

დაუცველი სექსის დროს შეიძლება აივ ინფექციით დაავადდე, ამიტომ დარწმუნდი, რომ ყოველი სექსუალური აქტის დროს იყენებ კონდომს.

დაუცველი სექსი ნიშნავს, რომ სექსი (ვაგინალური, ანალური) გაქვს კონდომის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ხარ აივ და სექსუალური გზით გადამდები სხვა  ინფექციების რისკის წინაშე.

როგორ ხდება აივ ინფექციით დაავადება დაუცველი სექსის დროს?

დაუცველი სექსის დროს აივ ინფექცია დაავადებული ადამიანის სხეულის სითხეებიდან (სისხლი, სპერმა, ვაგინალური გამონადენი, ანალური ლორწო) შეიძლება გადავიდეს პარტნიორის სხეულზე. ეს შეიძლება მოხდეს პენისის, ვაგინის, სწორი ნაწლავისა და ზოგჯერ პირისა და ყელის ლორწოვანი გარსის მეშვეობით.

თუ აივ ინფექცია გაქვს, მეტი შანსია, ინფექცია სხვებს გადასცე დაინფიცირებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან ამ დროს შენს ორგანიზმში ვირუსის დონე მაღალია.

სექსის ზოგიერთი ტიპი უფრო სარისკოა, ვიდრე სხვა?

ადამიანების უმეტესობა აივ ინფექციით ვირუსდება დაუცველი ვაგინალური ან ანალური სექსის დროს. ანალური სექსი ყველაზე სარისკოა, რადგან ანუსის შესასვლელი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ვაგინის შესასვლელი და უფრო ადვილად ზიანდება. ანალური სექსი მიმღებისთვის უფრო სარისკოა, ვიდრე გამცემისთვის.

ძალიან მცირეა აივ ინფექციით დაავადების რისკი დაუცველი ორალური სექსის დროს, თუმცა ეს შეიძლება მაინც მოხდეს, თუ ინფიცირებულ ადამიანს ორალური სექსის დროს აქვს წყლულები, გამონაყარი ან სისხლდენა პირის ღრუში, ან ორალური სექსის მიმღები ადამიანი ახლახან დაინფიცირდა.

რამდენიმე სექსუალური პარტნიორის ყოლა და/ან სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ქონა ზრდის დაუცველი სექსის დროს აივ ინფექციით დაავადების რისკს.

როგორ ავიცილო თავიდან აივ ინფექცია დაუცველი სექსის დროს?

კონდომი

კონდომი არის აივ ინფექციის პრევენციის საუკეთესო საშუალება როგორც ვაგინალური და ანალური, ისე მამაკაცთან ორალური სექსის დროს. კონდომი უნდა გაკეთდეს სექსუალური კონტაქტის დაწყებამდე, რადგან აივ ინფექცია შეიძლება გადავიდეს ვაგინალური გამონადენის ან ანუსის მეშვეობით.

ლუბრიკანტები

ლუბრიკანტი სექსს უსაფრთხოს ხდის, რადგან ამცირებს ვაგინალური ან ანალური დაზიანებების რისკს, რომელსაც იწვევს სიმშრალე ან ხახუნი. ის ამცირებს კონდომის გახევის რისკსაც.

გამოიყენე წყალზე და არა ზეთზე დამზადებული (მაგალითად, ვაზელინი) ლუბრიკანტი, რადგან ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტი ასუსტებს ლატექსს კონდომში  და შეიძლება გამოიწვიოს გახევა.

სტომატოლოგიური საფენი

სტომატოლოგიური საფენი არის მცირე ზომის პლასტმასის საფენი, რომელიც გამოიყენება პირის, ვაგინის ან ანუსის დასაფარად, რაც ამცირებს აივ ინფექციის (და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების) რისკს ორალური სექსის დროს.

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა  (PrEP)

PrEP არის ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც აივ ინფექციის მაღალი რისკის წინაშე არიან. ინფექციის სექსუალური გზით გადადების პრევენციისთვის, PrEP ხშირად რეკომენდებულია მათთვის, ვინც:

  • ურთიერთობაშია აივ ინფექციის მქონე პარტნიორთან;
  • სექსუალურად აქტიურია ერთზე მეტ პარტნიორთან, თუნდაც ბოლოს ჩატარებული ტესტით არ ჰქონდეს ინფექცია;
  • ყველა იმ ადამიანისთვის ვინც არ იყენებს კონდომს, რომელთა აივ ინფექციის სტატუსი უცნობია და დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ (მაგ. იკეთებენ წამლებს ან ჰყავთ სხვა პარტნიორები).

PrEP კარგად გიცავს აივ ინფექციისგან, თუმცა ყველაზე ეფექტურია, თუ იყენებ კონდომთან ერთად. PrEP ყველგან ხელმისაწვდომი არ არის.

თუ ფიქრობ, რომ დაუცველი სექსის გამო აივ ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ ხარ, დაელაპარაკე ექიმს, გჭირდება თუ არა PrEP.

პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა (PEP)

PEP არის ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელსაც იყენებ იმ შემთხვევაში, თუ სექსის (მაგ. დაუცველი სექსის) შემდეგ აივ ინფექციით დაინფიცირების რისკის წინაშე აღმოჩნდი. პრეპარატი გამოიყენება ორგანიზმში აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. მისი მიღება შესაძლო დაინფიცირებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა დაიწყო.

თუმცა PEP არ იძლევა 100%-იან გარნტიას და არ უნდა განიხილო კონდომის ალტერნატივად.

ექიმმა უნდა გირჩიოს, მიიღო თუ არა PEP. გახსოვდეს, PEP შეიძლება არ იყიდებოდეს იქ, სადაც ხარ.

მეტი ინფორმაციისთვის აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ გადახედე ჩვენ სტატიას რა არის აივ ინფექცია და შიდსი?