გენდერი და სექსუალობა

კატეგორია: სოგი

ტერმინი ლგბტქ გულისხმობს ლესბოსელს, გეის, ბისექსუალს, ტრანსსექსუალსა და ქვიარს. თუმცა ჩამოთვლილი სექსუალური და გენდერული იდენტობები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია არსებულ უამრავ ტიპს შორის. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტს ვიგებთ გენდერსა და სექსუალობაზე, მით მეტი ახალი იდენტობა ემატება ამ სიას!

სიმართლე ისაა, რომ გენდერი, სქესი და სექსუალური იდენტობა იმდენად რთული და ცვალებადია, რომ გაგვიჭირდება, მარტივად ავხსნათ ან აღვწეროთ ადამიანის იდენტობა ერთი იარლიყის ან სიტყვის გამოყენებით.

ბევრ ლგბტქი და თუნდაც ჰეტეროსექსუალ ადამიანს არ მოსწონს იარლიყების გამოყენება საკუთარ სექსუალურ თუ გენდერულ იდენტობაზე საუბრისას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იარლიყები ზღუდავს ადამიანებს ან სრულიად უსარგებლოა. სხვები ფიქრობენ, რომ იარლიყები საჭიროა და მოსწონთ კიდეც მათი გამოყენება. მათ მიაჩნიათ, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ სექსუალურ ან გენდერულ იდენტობასთან ასოცირებით მტკიცე განაცხადს აკეთებენ, რომ ისინი მიეკუთვნებიან ამა თუ იმ თემს.

აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტერმინების განმარტებები, რომლებიც ასახავს ამა თუ იმ სექსუალურ და გენდერულ იდენტობას. ეს განმარტებები შეიძლება სულაც არ ასახავდეს, თუ როგორ განსაზღვრავთ თავად შენ შენივე სექსუალურ თუ გენდერულ იდენტობას.

შენიშვნა: ეს არ არის ექსკლუზიური სია და ითვალისწინებს დასავლურ და კანადურ შეხედულებებს! მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი იყენებს სხვადასხვა სიტყვებს და სხვადასხვაგვარად იგებს სქესს, გენდერსა და სექსუალურ იდენტობას.

  • ასექსუალი არის ადამიანი, რომელიც არ განიცდის სექსუალურ მიზიდულობას. ასექსუალ ადამიანებს ხშირად მაინც აქვთ ინტიმური ემოციები და ინტელექტუალური ურთიერთობები, თუმცა ისინი არ ეძებენ სექსუალურ ურთიერთობებს.
  • ბისექსუალი არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს ერთზე მეტი გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები.
  • გეი, როგორც წესი, ნიშნავს მამაკაცს, რომელსაც იზიდავს სხვა მამაკაცები. ზოგჯერ ეს ტერმინი გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომელთაც მოსწონთ იგივე გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები (მაგ.: ქალი, რომელსაც აინტერესებს ქალები).
  • გენდერქვიარი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არ ჯდება „ქალისა“ და „კაცის“ კატეგორიებში. ბევრი განსხვავებული, არატრადიციული გენდერული იდენტობა შეიძლება მოხვდეს ამ ე.წ. ქოლგა ტერმინის ქვეშ.
  • ჰომოსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს ან უნდა, ურთიერთობა ჰქონდეს, იგივე გენდერული იდენტობის ადამიანთან. ეს სიტყვა ისტორიულად ასოცირდებოდა სექსუალობის ნეგატიურ სამედიცინო გაგებასთან და ბევრი ადამიანისთვის იგი შეურაცხმყოფელია.
  • ჰეტეროსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს საწინააღმდეგო გენდერული იდენტობის ადამიანები (კიდევ ერთი ტერმინია „სთრეითი“).
  • ინტერსქესი, ან სქესთაშორისი არის ადამიანი, რომლის სქესობრივი მახასიათებლები (ჰორმონები, პენისი, ვულვა, მკერდი, თმის ზრდა, x/y ქრომოსომები) არ ემთხვევა მხოლოდ ერთის, მდედრობითი ან მამრობითი სქესის მახასიათებლებს. მათ აღსაწერად, ხანდახან, საერთაშორისო ტერმინი ინტერსექსიც გამოიყენება.
  • ლესბოსელი არის ქალი, რომელსაც იზიდავს სხვა ქალები.
  • ომნისექსუალი არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც აღწერს პანსექსუალ ადამიანებს.
  • პანსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს ნებისმიერი გენდერული იდენტობის ადამიანები. ტერმინი სცნობს, რომ ბევრი ადამიანი არ ჯდება ისეთ გენდერულ კატეგორიებში, როგორიცაა ქალი/კაცი (მაგალითად, ტრანსგენდერი).
  • ქვიარი არის სექსუალური იდენტობების ქოლგა ტერმინი, რომელიც არ მოიცავს ჰეტეროსექსუალს.
  • დაეჭვებული არის ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული და ცდილობს საკუთარი სექსუალური იდენტობის აღმოჩენას.
  • ტრანსგენდერი არის ქოლგა ტერმინი, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ თანდაყოლილ სქესს. ტრანსგენდერი ადამიანი შეიძლება დათანხმდეს ქირურგიას ან ჰორმონალურ მკურნალობას, რომელთა შედეგადაც იღებს მისთვის მისაღები გენდერული იდენტობისთვის დამახასიათებელ სქესს ან სქესობრივ მახასიათებლებს (მაგალითად, ჰორმონების მიღება ხელს უწყობს სახეზე თმის ამოსვლას, ოპერაციის შედეგად კი ხდება ადამის ვაშლის ამოკვეთა).
  • ორსახოვანი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც გულისხმობს როგორც ქალურ, ისე მამაკაცურ მხარეს ან არ არის ჰეტეროსექსუალი. ზოგიერთ ქვეყანაში სჯერათ, რომ ორსახოვანი ადამიანები კურთხეულები არიან შემოქმედის მიერ, საკუთარ სხეულში დაიტიონ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სული.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს (მაგ. ტრანსგენდერები), ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com