საუბარი უსაფრთხო სექსზე

კატეგორია: სექსი

უსაფრთხო სექსზე საუბარი ყველასთვის რთულია. თუმცა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების და/ან არასასურველი ორსულობი რისკის შესამცირებლად უსაფრთხო სექსის ქონა მნიშვნელოვანია. ნუ იქნები შენი პარტნიორ(ებ)ის იმედად, რომელიც ამბობს, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექცია არ აქვს ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებს. ყველა თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

ეს სტატია დაგეხმარება მომზადებასა და პარტნიორთან უსაფრთხო სექსზე საუბარში. სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. ბმული: რა არის სგგი? 

რა არის უსაფრთხო სექსი?

  • სექსი შეიძლება სახალისო და სასიამოვნო იყოს, მაგრამ მას თან ახლავს რისკები, მაგალითად, სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, არასასურველი ორსულობა. უსაფრთხო სექსი გულისხმობს საკუთარ თავსა და პარტნიორ(ებ)ზე ზრუნვას;
  • უსაფრთხო სექსი გულისხმობს:
  • სექსის ქონამდე პარტნიორ(ებ)თან საუბარს უსაფრთხოების საშუალებებზე, მაგალითად, კონდომზე, ხელთათმანებზე, რაც გეხმარებათ სისხლთან, სპერმასთან, ვაგინალურ და ანალურ გამონადენებთან შეხების თავიდან აცილებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური გზით გადამდები ინფექციები ან არასასურველო ორსულობა.
  • სექსის ქონამდე ჰკითხე პარტნიორ(ებ)ს, სექსუალური გზით გადამდები ინფექციები ხომ არ აქვს ან თუ გაუკეთებია ტესტი.
  • თუ შენ ან შენს პარტნიორს ახალი პარტნიორი გყავთ, გაესინჯე სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორები, ყოველ 3-6 თვეში ჩაიტარე ტესტი. თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები გაქვს, დაუყოვნებლივ ჩაიტარე ტესტი.
  • აირჩიე ისეთი სექსუალური აქტივობები, რაც არ იწვევს არასასურველ ორსულობას ან შეიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციის ნაკლებ რისკს.

რატომ არის უსაფრთხო სექსზე საუბარი ასეთი რთული?

  • შეიძლება გეშინოდეს, რომ პარტნიორი დაგცინებს, დაგამცირებს, სახელებს დაგიძახებს ან შენთან სექსზე უარს იტყვის;
  • შეიძლება სექსი გქონდეს ისეთ ადამიანთან, რომელსაც ახლახან შეხვდი და არ უნდა უსაფრთხო სექსზე საუბარი;
  • შეიძლება ფიქრობდე, რომ უსაფრთხო სექსზე საუბარი ურთიერთობას „გაანელებს“;
  • შეიძლება შენს პარტნიორს ეგონოს, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის რისკი არ არსებობს. რეალურად ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად გენდერისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა, კლასისა და პროფესიისა, შეიძლება დაემართოს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ გიცავს სექსუალური გზით გადადმები ინფექციებისგან;
  • შეიძლება შენ და შენმა პარტნიორმა არ იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ კონდომი ან ხელთათმანი;
  • შეიძლება სვამდე ან მოიხმარდე წამლებს;
  • თუ ძალადობრივ ურთიერთობაში ხარ, შეიძლება გეგონოს, რომ არ გაქვს უსაფრთხო სექსის მოთხოვნის საშუალება.

შეიძლება რთული იყოს, მაგრამ პარტნიორთან გულღიად და გულწრფელად საუბარი არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და რისკების შემცირების საუკეთესო გზა. შეიძლება აღმოაჩინო, რომ ამაზე საუბარი შენს პარტნიორსაც უნდა.

დაიწყე საუბარი

როგორ დაიწყო საუბარი უსაფრთხო სექსზე, დამოკიდებულია შენს პარტნიორზე და რა იცი მასზე. აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას:

  • წინასწარ მოიფიქრე, რის თქმას აპირებ. წინასწარ მოიძიე ინფორმაცია, რა დონის უსაფრთხოებას ითხოვ;
  • თუ პარტნიორთან უსიამოვნო თემებზე მანამდეც გისაუბრია, გაითვალისწინე, რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა. გამოიყენე, რაც იცი ამ ადამიანზე;
  • აირჩიე სწორი დრო, როცა სასაუბროდ შესაფერისი მომენტი და გარემოა. შეარჩიე დრო, როცა კარგ ხასიათზე ხართ შენც და შენი პარტნიორიც. არაფერი ვნებს კარგ კომუნიკაციას ისე, როგორც დაღლილობა, ცუდი დღე ან აჩქარება;
  • თუ არ იცნობ ადამიანს, რომელთანაც სექსს აპირებ, თან გქონდეს უსაფრთხო სექსის საშუალებები, გადმოიღე და თქვი რამე, რაც მიანიშნებს დაცვაზე, მაგალითად: „მე მზად ვარ, შენ?“;
  • ცხადად, გულწრფელად და დადებითად ისაუბრე უსაფრთხო სექსისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე, რათა თავიდან აიცილო გაუგებრობები. ისაუბრე პირველ პირში, როცა ლაპარაკობ, თუ რას გრძნობ ან რა გინდა;
  • მართალია, იუმორი კარგია უხერხულობის გასაფანტად, მაგრამ მოერიდე გაღიზიანებას ან დაცინვას;
  • თუ ხვდები, რომ ვერ ხარ პირდაპირი, შეიძლება იკითხო: „რას იტყვი კონდომებზე?“ ან ახსენე, რომ ახლახან წაიკითხე სტატია უსაფრთხო სექსზე, რაც დაგეხმარება საუბრის დაწყებაში;
  • ნებისმიერი სახის სექსზე, მათ შორის უსაფრთხო სექსზე საუბარმა შეიძლება ადამიანში კომპლექსები და შიშები გააღვიძოს და უარყოფითი რეაქცი გამოიწვიოს. თუ ასეთი რამ მოხდა, ეცადე, თავისდაცვა ან ბრალდებები არ დაიწყო. გააცნობიერე მეორე ადამიანის შეგრძნებები, განმარტე გაუგებრობები და მიეცი ამ ადამიანს დრო, მოიფიქროს, რა უნდა;
  • ზოგჯერ ადამიანს, წარსული გამოცდილებიდან, მცდარი ინფორმაციიდან ან შიშებიდან გამომდინარე უარყოფითი რეაქცია აქვს. გარე ინფორმაციის ქონა დაგეხმარებათ მითების გაქარწყლებასა და სწორი ინფორმაციის მიცემაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექცია გაქვს და გინდა, პარტნიორს ამაზე დაელაპარაკო;
  • აუხსენი პარტნიორს, რომ უსაფრთხო სექსი არ ნიშნავს, რომ სექსი ნაკლებად სასიამოვნო იქნება. გააცანი მას ინფორმაცია დაცულ სექსზე;
  • გარკვევით შეთანხმდით, რა სახის უსაფრთხო სექსი გექნებათ. ეს შეიძლება გულისხმობდეს კონდომის გამოყენებას, სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტის ჩატარებას, ერთი პარტნიორის ყოლას ან უსაფრთხო სექსის საშუალებების გამოყენებას სხვა პარტნიორთან სექსის ქონის შემთხვევაში;
  • დააფასე შენი პარტნიორი, რომელსაც უსაფრთხო სექსზე საუბარი უნდა;
  • უფლება გაქვს, უსაფრთხოდ იყო და შენმა პარტნიორ(ებ)მა პატივი უნდა სცენ შენს ამ მოთხოვნას. თუ პარტნიორი არ გეთანხმება უსაფრთხო სექსზე და გაიძულებს, გქონდეს დაუცველი სექსი, დაფიქრდი, რამდენად გინდა ასეთ ადამიანთან სექსი.

უსაფრთხო სექსი სექსუალურია

შეიძლება ადვილი იყოს უსაფრთხო სექსის შეთანხმებაზე უარის თქმა პროცესში. ეცადე, თან გქონდეს უსაფრთხო სექსის საშუალებები. მცირე კრეატიულობა და თამაში დაგეხმარება, უსაფრთხო სექსი სექსუალური გახადო. აი, რამდენიმე რჩევაც:

  • სცადე რამდენიმე ფერის, ტექსტურისა და ტიპის კონდომები, ხელთათმანები და ეცადე, ახალი გასართობი მოიგონო;
  • შენ თვითონ გაიკეთე კონდომი, როცა მარტო ხარ. რამდენადაც კარგად იცნობ უსაფრთხო სექსის საშუალებებს, მით უფრო ადვილია მათი გამოყენება;
  • პენისის შემთხვევაში, მასტურბაციისას გაიკეთე კონდომი, რათა ავარჯიშო ტვინი, სიამოვნება და ორგაზმი დაუკავშიროს კონდომს;
  • აქციე ხელთათმაები და კონდომები შენი სექსუალური თამაშის ნაწილად. ისაუბრე უხამსად კონდომის ან ხელთათმანების გაკეთებისას. ნელა გაიკეთე და გააღიზიანე პარტნიორი ლოდინით. სცადე ლატექსის ტანსაცმელი და როლური თამაშები;
  • თავად გაუკეთე პარტნიორს კონდომი ხელით ან პირით;
  • კონდომის გაკეთებამდე მასში ლუბრიკანტი ჩაასხი, ლუბრიკანტი წაუსვი ვულვას/ვაგინას.

გახსოვდეს:

  • არ იყო დამოკიდებული პარტნიორზე, რომელიც ამბობს, რომ გაიარა შემოწმება სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე ან იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ყველა თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ სექსუალურ ჯანმრთელობაზე;
  • სექსუალურ უსაფრთხოებასა და უსაფრთხო სექსის საშუალებებზე მეტი ინფორმაციისთვის, იხ. ბმული: ყველაფერი უსაფრთხო სექსის შესახებ.

სასარგებლო რჩევები:

  • შეაქე უსაფრთხო სექსის საშუალებები პარტნიორთან. თუ მას ეს არ აინტერესებს, დაფიქრდი, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თქვენი ურთიერთობისთვის;

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com