ადამიანის პაპილომა ვირუსი

კატეგორია: სგგი

რა არის აპვ?

  • ადამიანის პაპილომა ვირუსი (შემოკლებით – აპვ) არის ქსუალური გზით გადამდები ინფექცია;
  • არსებობს 100-მდე სახეობის პაპილომა ვირუსი, რომელთაგან 40-მდე სახეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის გენიტალიებსა და პირის ღრუზე;
  • გენიტალიების პაპილომა ვირუსები უმეტესად თავადვე ქრება, რადგან მასზე ზეგავლენას ადამიანის იმუნიტეტი ახდენს. თუ ის არ გაქრა, მაშინ ვირუსი სხეულში რჩება და მომავალში, შესაძლოა, ჯანრმთელობის პრობლემები გამოიწვიოს;
  • დაბალი რისკის მქონე პაპილომა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს გენიტალიის მეჭეჭები ან პატარა წარმონაქმნები რომლებიც პენისზე, ვაგინაში ან იშვიათად პირის ღრუში ჩნდება;
  • მაღალი რისკის პაპილომა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ცვლილებები საშვილოსნოს ყელში, რომელიც შეიძლება საშვილოსნოს ყელის სიმსივნით დასრულდეს;
  • პაპილომა ვირუსის უმეტესობას არ აქვს არანაირი სიმპტომი და ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია;
  • მაგალითად, კანადაში, მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს აღენიშნება პაპილომა ვირუსი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

როგორ გადადის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

  • როგორც წესი, ვირუსის გადასადებად სექსი აუცილებელი არ არის, იგი კანიდან კანზე კონტაქტის დროსაც გადაეცემა, უმეტესად გენიტალიებიდან კანზე კონტაქტისას;
  • ვირუსის გავრცელება შესაძლებელია სექსუალური სათამაშოს გამოყენების დროსაც, თუ სათამაშოს არ გავრეცხავთ ან ყოველ ჯერზე ახალ კონდომს არ გამოვიყენებთ;
  • შენს პარტნიორს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომი (მაგალითად, მეჭეჭი), მაგრამ მაინც შეიძლება გადმოგცეს პაპილომა ვირუსი, რომელიც შენში გამოიწვევს მეჭეჭებს;
  • ორსულმა ქალმა შეიძლება მშობიარობისას გადასცეს პაპილომა ვირუსინაყოფს.

როგორ უნდა გავიგო, მაქვს თუ არა პაპილომა ვირუსი?

  • ძალიან ბევრ ადამიანში პაპილომა ვირუსი არ არის გამოხატული რაიმე სიმპტომით, მიუხედავად ამისა, ვირუსის არსებობის შემთხვევაში, შენ შეგიძლია მისი გადაცემა პარტნიორისთვის;
  • დაბალი რისკის მქონე პაპილომა ვირუსის არსებობის შემთხვევაში, შენ, შესაძლოა, აღმოგაჩნდეს მცირე მეჭეჭები ან წანაზარდები გენიტალიებსა და იშვიათად პირის ღრუში;
  • მაღალი რისკის მქონე პაპილომა ვირუსის არსებობის შემთხვევაში, ძალიან იშვიათად გვხდება სიმპტომები. უჯრედული ცვლილებები საშვილოსნოს ყელში მხოლოდ პაპ-ტესტით გამოჩნდება;
  • მნიშვნელოვანია, იცოდე, რა არის ნორმალური შენი სხეულისთვის, როგორ გამოიყურება შენი გენიტალიები, რათა, რაიმე ცვლილების შემჩნევისას, მიმართო ექიმს. გახსოვდეს, რაც უფრო ადრე მოხდება ვირუსის აღმოჩენა, მით უფრო ადვილი იქნება სიმპტომებისა და ცვლილებების მკურნალობა.

როგორ ხდება პაპილომა ვირუსისთვის ანალიზების აღება?

  • დაბალი რისკის მქონე პაპილომა ვირუსისთვის ანალიზები არ არსებობს, ექიმმა შეიძლება გითხრას, რომ გაქვს ვირუსი მეჭეჭებისა და მცირე წანაზარდების ფონზე;
  • პაპ-ტესტი ითვალისწინებს პატარა ფუნჯით საშვილოსნოს ყელიდან უჯრედების მასალის აღებას. შემდეგ იკვლევენ უჯრედებს, რათა ნახონ, არის თუ არა რაიმე ცვლილებები. ცვლილებების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება ადამიანზე დაკვირვება, რადგან ეს ცვლილებები უმეტესად თავისით ქრება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ არ გაქრა, მკურნალობა ხელმისაწვდომია;
  • ამჟამად არ არსებობს პაპ-ტესტი, რომელიც პაპილომა ვირუსის პენისისა და პირის ღრუში დასაფიქსირებლად გამოიყენება.

რა ხდება, თუ პაპ-ტესტი დადებითია?

  • ამჟამად პაპილომა ვირუსის განკურნება არ ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის იმუნიტეტი თავად ასუფთავებს ვირუსს და მის სიმპტომებს;
  • თუ გაქვს მეჭეჭები, მათი მკურნალობა შესაძლებელია; ადამიანების უმეტესობას აღარ აწუხებს მეჭეჭების გაჩენა ვირუსის შეძენიდან 1-3 წელიწადში; თუმცა გახსოვდეს, მეჭეჭების გაქრობა არ ნიშნავს, რომ ვირუსისგან განიკურნე, შენ მაინც შეგიძლია ვირუსის პარტნიორისთვის გადაცემა;
  • მეჭეჭების მკურნალობა შეიძლება ლაზერით, თხევადი აზოტითა და ქირურგიული ჩარევით; არსებობს ასევე მაზები, რომელიც მეჭეჭებს აშორებს. თუმცა მეტი ინფორმაციისთვის, აუცილებელია, მიმართო ექიმს;
  • თუ პაპ-ტესტმა აჩვენა, რომ ცვლილებები ფიქსირდება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში, ეს არ ნიშნავს, რომ შენ სიმსივნე გაქვს; აუცილებელია ამ ცვლილებებზე დაკვირვება და პაპ-ტესტის გამეორება. თუ ცვლილებები არ გაქრა, შეიძლება ექიმმა სხვა სპეციალისტთან გადაგამისამართოს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავს.

როგორ შევამცირო პაპილომა ვირუსის გადაცემის ან შეძენის შანსი?

  • მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილებები, დაელაპარაკე შენს პარტნიორს სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე და გამოიყენე კონტრაცეფციის უფრო უსაფრთხო მეთოდები;
  • კონდომი მთლიანად ვერ ფარავს გენიტალიებს, ამიტომ ეს მეთოდი ისეთი ეფექტური არ არის, როგორც სხვა სგგი-ის შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამცირებს ვირუსის გადაცემის ან შეძენის შანსს;
  • თუ იყენებ საერთო სექსუალურ სათამაშოს, დარწმუნდი, რომ გაასუფთაო ის ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ ან ყოველ ჯერზე ახალი კონდომი გამოიყენო;
  • დღესდღეობით არსებობს ვაქცინაცია, რომელიც იცავს ადამიანებს იმ სახის პაპილომა ვირუსისგან, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითრებას. ასევე არსებობს ვაქცინა, რომელიც ხელს უშლის მეჭეჭების წარმოქმნას. ეს ვაქცინები არ მოქმედებს ყველა სახის პაპილომა ვირუსზე.

სამწუხაროდ, ამჟამად ეს ვაქცინები საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

წყარო: teenhealthsource.com