5 მითი ქალწულობის შესახებ

კატეგორია: ჩემი სხეული

რა არის ქალწულობა? უმეტესად ამ ტერმინით მოიხსენიებენ ადამიანს, ვისაც არასოდეს ჰქონია სექსი, თუმცა ეს ბევრი ინტეპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, რა ხდება ორალური სექსის შემთხვევაში? ქალწულად ითვლება თუ არა ქალი, რომელსაც მეორე ქალთან აქვს სექსი? უნდა ჩავთვალოთ თუ არა, რომ ქალმა, რომელსაც მხოლოდ იძულებით ჰქონდა სექსი ან გააუპატიურეს, „ქალწულობა დაკარგა“. ის ხომ არ არის დამნაშავე, მისთვის ასეთი იარლიყის მიწებება კი სრულიად უსამათლო, სექსისტური და არასწორი დამოკიდებულებაა. სანამ მთელ ჩვენს ყურადღებას ქალწულობის სტატუსზე გავამახვილებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სექსუალური აქტივობა შეიძლება იყოს ადამიანისთვის პირველი, მაგალითად: პირველი კოცნა, პირველი გენიტალიების შეხება ან პირველი ორგაზმი.

სწორედ ამას მივყავართ აპკთან, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებდა ისტორიის განმავლობაში, თუმცა ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა მის აღწერას და ხანდახან ნახატებში საერთოდ გამოტოვებული იყო ქალის ანატომიიდან. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ აპკი ბლოკავს ვაგინას, თუმცა სინამდვილეში აპკი არის ძალიან ელასტიური ქსოვილი, რომელიც არაფერსაც არ ბლოკავს. კარგად რომ წარმოიდგინო, როგორია აპკი, გაიხსენე თმის სამაგრი:

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ მითებს აპკსა და ქალწულობაზე.

მითი 1: აპკი უნდა გაიხეს პირველი სექსის დროს;

ყველაზე ხშირად გავრცელებული მითი აპკის შესახებ არის, რომ ის უნდა გაიხეს პირველი სექსუალური აქტის დროს, რაც იწვევს სისხლდენას, რომელიც ოდითგან ითვლება ქალწულობის დასტურად. წარსულში ზოგიერთ კულტურაში ეს მითი რიტუალადაც კი აქციეს, როდესაც ქორწინების ღამეს ამოწმებდნენ სისხლიან ზეწრებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ახალგაზრდა ქალი ქალწული იყო. რა თქმა უნდა, ქმარს ქორწინებამდე „უბიწოება“ და მისი დამტკიცება არ მოეთხოვებოდა.

სინამდვილეში პირველი სექსუალური გამოცდილების დროს ძალიან ბევრ ქალს არ ეხევა აპკი და არც სისხლდენა არ აქვს, რადგან აპკი ელასტიურია. ამ მითის ერთ-ერთი მავნე შედეგი ის არის, რომ ზოგიერთი ქალი პირველი სექსუალური გამოცდილების წინ უფრო მეტად ნერვიულობს ტკივილისა და სისხლდენის მოლოდინში, რაც ქალის აღგზნებას უფრო ართულებს. როდესაც ქალი აღგზნებულია, ვაგინის გარშემო არსებული კუნთები უფრო მოდუნებულია და ვაგინა ქმნის ბუნებრივ ლუბრიკანტს, რომელიც, თავის მხრივ, უფრო კომფორტულს ხდის არამარტო პირველ, არამედ ყველა შემდეგ სექსუალურ გამოცდილებას. ნერვიულობა და ტკივილის მოლოდინი ძაბავს კუნთებს და ამცირებს ვაგინის ლუბრიკაციას, რაც ტკივილსა და სისხლდენას იწვევს.

მითი 2: გინეკოლოგს შეუძლია დანამდვილებით თქვას, ქალი ქალწულია თუ არა;

კიდევ ერთი ხშირად გავრცელებული მითი, რომ ექიმს შეუძლია დანამდვილებით თქვას, ჰქონია თუ არა ქალს სექსუალური გამოცდილება, მისი აპკის გამოკვლევის შემდეგ. სინამდვილეში, გარდატეხის ასაკის შემდეგ, თუ ქალს არ აღენიშნება ტრამვის შედეგად დაზიანება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მაგალითად გაუპატიურებით, ექიმს არ შეუძლია დანამდვილებით დაასკვნას, ჰქონია თუ არა ქალს სექსუალური გამოცდილება. აპკი ძალიან ელასტიურია და ბევრი ქალის შემთხვევაში საერთოდ ღიაა. გაიხსენე თმის სამაგრი.

მითი 3: ტამპონის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს შენს ქალწულობაზე;

ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ, თუ ქალწულობა სექსუალურ გამოცდილებებზეა, ტამპონი საერთოდ არ ითვლება. სინამდვილეში რამაც შეიძლება იმოქმედოს ტამპონზე, არის ფაქტი, რომ ქალებს აქვთ სხვადასხვანაირი აპკი, ზოგი აპკი ელასტიური და თხელია,  იშვიათად სქელი, ზოგი საერთოდ არ არის ღია, ასეთი შემთხვევა არამარტო ტამპონის გამოყენებაზე, არამედ ქალის ჯანმრთელობაზეც შეიძლება აისახებოდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ქალები კარგად გაიცნობენ საკუთარ სხეულს, დაათვალიერებენ თავიანთ აპკს და მეტი ინფორმაცია ექნებათ არამრტო აპკის, არამედ თავიანთი სხვა ორგანოების შესახებ.

ტამპონი არის ჰიგიენური საშუალება, რაც ქალის ბუნებრივ,  ბიოლოგიურ პროცესს, მენსტრუაციას უფრო კომფორტულს ხდის. ტამპონს არანაირი შეხება არ აქვს სექსუალურ გამოცდილებებთან, ამიტომ მითი, რომ შეიძლება ტამპონმა ქალწულობა „დაგაკარგვინოს,“ უბრალოდ მითია და მომდინარეობს ისევ და ისევ იქიდან, რომ ქალის აპკი ვაგინის საფარია, რომელიც შეიძლება „გაიხეს“.

მითი 4: გინეკოლოგიურმა გასინჯვამ შეიძლება იმოქმედოს შენს ქალწულობაზე;

ტამპონების მსგავსად, გინეკოლოგიური გასინჯვაც ჯანმრთელობას ეხება და არა სექსს. ამერიკის პედიატრთა აკადემია რეკომენდაციას უწევს გარე გენიტალიების დათვალერებას, რაც ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რუტინაა. პაპ-ტესტი გამოიყენება საშვილოსნოს ყელის გამოსაკვლევად, რომლის დროსაც, როგორც წესი, გინეკოლოგიური სარკის დახმარებით, ხდება ელასტიური აპკისა და ვაგინის კედლების გაწევა, რათა მოხდეს ნაცხის აღება. ეს პროცედურა რეკომენდებულია 21 წლიდან, შესაბამისი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი, უფრო ადრეც.

მითი 5: პარტნიორმა შეიძლება გაიგოს, არის თუ არა ქალი ქალწული;

იხ. მითი 2. თუ გამოცდილ გინეკოლოგს არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, ჰქონდა თუ არა ქალს სექსუალური გამოცდილება, პარტნიორი როგორღა მიხვდება? მეორეს მხრივ, წყვილს შორის გულწრფელობა და ერთმანეთის სექსუალური ისტორიის ცოდნა შეიძლება მათ შორის ნდობის საკითხი იყოს და ამის ცოდნა მათ ბედნიერსა და ჯანმრთელს ხდიდეს.

სიტყვა აპკი (ინგლისურად hymen) ბერძნული სიტყვაა და კანს ან გარსს ნიშნავს. Hymen ასევე იყო ბერძნული ქორწინების ღმერთი. ანტიკურმა მითებმა შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია, მაგრამ დროა, ინფორმაცია მივიღოთ ანატომიის და სექსუალური გამოცდილებების შესახებ. დროა, დაიმსხვრეს ქალის სექსუალობის გარშემო არსებული მითები.

სტატია ეკუთვის პაულა ჰილარდს, სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეანობისა და გინეკოლოგიის პროფესორს, რომელიც ასწავლის და კლინიკური პრაქტიკა აქვს პედიატრიულ და ზრდასრულთა გინეკოლოგიაში.